სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, რომ უფრო დაბალანსებული იყოს და წონასწორობა დაიჭიროს, როგორც პრეზიდენტმა და ნუ გახდება შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში მხარე, რადგან მისი მოკავშირეობა არავის სურს, უნდათ გამოყენება და არ გამოაყენებინოს თავი არავის და გამოადგეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ხშირ შემთხვევაში გამოდის ხოლმე იმ კონსტიტუციური ვალდებულებებიდან, რაც მას გააჩნია და ვიწრო შიდაპოლიტიკური დღის წესრიგით იწყებს საუბარს. ამ შემთხვევაშიც ამის სამწუხარო მაგალითი ვიხილეთ. საქართველოსა და მისი მთავრობის პოზიციონირება კონკრეტულად უკრაინის ომთან დაკავშირებით კარგად ჩანს ყველა იმ 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტში, რომლის მიღებაში უშუალო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველო. გუშინაც, როდესაც გაერომ მიიღო რეზოლუცია უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, საქართველო იყო არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ინიციატორი ამ რეზოლუციის. აქედან გამომდინარე, ეს არის ფაქტი და არის მეორე სამწუხარო აღქმა, რომელსაც ამკვიდრებს საქართველოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აზიანებს, არამედ აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. მოვუწოდებ, რომ უფრო დაბალანსებული იყოს და წონასწორობა დაიჭიროს, როგორც პრეზიდენტმა და ნუ გახდება შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში მხარე, რადგან მაინც ამ ბრძოლაში მისი მოკავშირეობა არავის სურს, უნდათ გამოყენება და არ გამოაყენებინოს თავი არავის და გამოადგეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა