ვის ინტერესებში შედიოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნები წამოიწყეს და ოთხი კანდიდატი ჰყავთ? ალბათ ჯერ ამაზე უნდა გასცენ პასუხი. როგორც პარტიის მომხრეები ამბობენ, ეს არ შედიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გავრცელებული ფარული ჩანაწერით ირკვევა, რომ კეზერაშვილი-მერაბიშვილის მხარეს არ ჰყოფნის პარტიის მხარდაჭერა და ეს ჩანაწერი რიგით წევრებში ნიკა მელიას დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.
„ის, რომ ხელისუფლებას სჭირდება პარტიაში რამენაირად ჩარევა, ამის ლოგიკა მაინც ხომ უნდა არსებობდეს? ფაქტობრივად, პარტიის შიგნით მხარეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან დაპირისპირებულები და ეს ფაქტი ზედაპირზე დევს. ჩანაწერში მელია ამბობს, რომ სააკაშვილის მოწოდება არ არის ჯანსაღი და ათიდან ერთს ვამბობ, აბსურდულ მოთხოვნებს აყენებსო. თუ შიდა ბრძოლის დროს ვინმეს ვინმეს დისკრედიტაცია უნდა და სააკაშვილზე ასეთი ცუდის მთქმელის იმიჯი შესძინოს, ამ ჩანაწერის გავრცელება მის ინტერესებშია. რა თქმა უნდა, ეს ფრთა იმან შეაშფოთა, რომ პარტიის რიგით ამომრჩეველში ვერ პოულობენ ხაბეიშვილის დიდ დასაყრდენს, განსაკუთრებით, სამეგრელოში ვიზიტების შემდეგ შიში გაუჩნდათ, რომ შეიძლება, ხაბეიშვილმა არჩევნები წააგოს. ალბათ ამ ვითარების შესაცვლელად არის გავრცელებული ჩანაწერი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პ.ს. სოციალურ ქსელში "ფეისბუკი" გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდით არის დათარიღებული. "აიპრესი" არ ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს, რადგან მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.