საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას და 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას.
„ელჩთან შეხვედრისას აქცენტი გავაკეთე რეკომენდაციების მეორე მუხლზე, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას ეხება და გავაცანი ამ მიმართულებით კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაო. დეტალურად ვისაუბრეთ ზედამხედველობის კუთხით გაზრდილი უფლებამოსილებების თაობაზე, რომელიც უკვე მიღებული და ამოქმედებულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ახლო მომავალში, რა როლი უნდა შეასრულოს პარლამენტმა და კონკრეტულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით.
„ელჩის შეფასებით, საქართველოს ნამდვილად აქვს ყველა წინაპირობა ამ მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.