„დღეს რაც სჭირდება ევროკავშირს ჩვენგან, ესაა ერთობის დემონსტრირება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ორი მაგალითი მოიყვანა რა შედეგებს მიაღწიეს, როდესაც საკანონმდებლო საქმიანობაში ოპოზიციის ნაწილი იყო ჩართული.
„სადაც ოპოზიციის ნაწილმა და არასამთავრობო სექტორმა მოახერხა, რომ ყოფილიყო სამუშაო ჯგუფში და მომხდარიყო მსჯელობა, აზრთა გაცვლა, კამათი, ჩვენ საერთო შეთახმებამდე მისვლას ვახერხებდით. ერთი საკითხი ეხებოდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას, მეორე - საარჩევნო კოდექსს. ორივე ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრებაში.
რაც იყო შესათანხმებელი, ვთანხმდებოდით, რაც იყო უარსაყოფი, მასზეც არგუმენტირებულად ვარწმუნებდით ერთმანეთს, თუ რამე საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებდა, აქაც შეთანხმებას ვაღწევდით და შემდეგ განხორციელების გზაზე გადავდიოდით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში სახალხო დამცველისა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამიტომ ჩვენი შეათავაზებაც ეს არის, როდესაც პერსონალიებზე მიდგება საქმე, არ გავჯიუტდეთ მაინც და მაინც ჩვენს კანდიდატურაზე და უფრო მეტი ვიმსჯელოთ, თუ გნებავთ, გარკვეულწილად ნეიტრალურ კანდიდატურებზე. თუ ამას მოვახერხებთ, რა თქმა უნდა, ის ორი მუხლიც, რომელიც ეხება სახალხო დამცველის არჩევას და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, გარკვეულწილად მიღწევადი იქნება. ამის მაგალითად მომყავს კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სადაც ეს კონსენსუსი რეალურად მიღწეულია და ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ და ჯგუფმა პარლამენტში ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ამ ერთობის დემონსტრირებაა დღეს რაც სჭირდება ევროკავშირს ჩვენგან. იმიტომ რომ ფაქტობრივი მონაცემებით, რეალური, დათვლადი განზომილებებით ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი წინსვლა გვაქვს ევროკავშირთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე მატერიალურად ოპერირების კუთხით. ამ მოცემულობას ყველა დონის კონკრეტული ანგარიშები გვაძლევენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.