ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკანიანთან და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან კობა ლურსმანაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში — სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში იმყოფებოდა.

მეწყრულმა პროცესებმა აღნიშნულ სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ადგილობრივი გზები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ყარნებაც.
მინისტრი სოფელ ხემაღალში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები.
სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძე გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია- პრევენციის სამუშაოებს,  რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით,  46 დაზარალებულ ოჯახზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან  85 000 ლარი გამოიყო,  225 000 ლარი დაიხარჯა სტიქიის ზონაში  , პირველ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. დაზარალებულ ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი.
ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არცერთი ოჯახი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე — ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.

მუნიციპელიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.

რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა  ბარბაქაძე, მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და ასევე ხარაგაულის  ადგილობრივი  თვითმმართველობის სხვა  წარმომადგენლები.