თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ტურისტული ასოციაციების წევრები სტუმრობენ.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია მასპინძლობს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის ადგილობრივი კულტურის, კულინარიის გაცნობა და საინტერესო ინფორმაციების მიწოდება. დედაქალაქში წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, არსებითად იზრდება ტურისტების რაოდენობა, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი და საქართველო განიხილებოდეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოტენციურ მიმართულებად, როგორც უსაფრთხო, საინტერესო თავისი კულტურითა და სიძველით“, - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.
მოწვეული სტუმრები საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებენ ინფორმაციას ქალაქის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, მათ შორის: კულტურული ტურიზმი, საოჯახო და სპა-გამაჯანსაღებელი, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, შოპინგის შესაძლებლობები. სტუმრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულო, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თბილისის პოზიციონირებას, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ცენტრალურ მიმართულებას რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ მოწვეულ სტუმრებს მილიონობით მიმდევარი ჰყავთ სოციალურ მედიასა და ციფრულ პლატფორმებზე. მათი ვიზიტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე თბილისის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის სექტორის განვითარებას, მათ შორის მაღალმხარჯველობითუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.