კანონპროექტის მესამე მოსმენა ჩატარდება ორ კვირაში, აქედან ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. თუ ვინმეს აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნახვა, ამის საშუალება ექნება ვეტოს დაძლევამდე და ვნახოთ, რა ეწერება იქ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რა პროცესები განვითარდა საქართველოში მას შემდეგ, რაც გამჭვირვალობის კანონი შარშან პირველი მოსმენით მიიღეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ იქნები პრინციპული გადაწყვეტილებებში, შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო წინ წახვალ ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„ორ კვირაში გვექნება კანონპროექტის მესამე მოსმენა. აქედან დაახლოებით ერთ თვეში იქნება ვეტო-ს დაძლევა. ჩვენ ზოგჯერ მიგვითითებენ ხოლმე, იქნებ, დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა. გახსოვთ, შარშან პირველი მოსმენით როცა მივიღეთ კანონი, შემდეგ ვთქვით, რომ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებამდე საერთოდ აღარ გავაგრძელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა იყო დადებული. ამის მიუხედავად, პირდაპირ გამოვიდნენ უხეშად აქაური აგენტურა, მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, რომ არ გაბედოთ. ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთო. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ გვრჩება აღქმა, რომ ვიღაცებს სურთ, ეს ქვეყანა არასდროს დაასვენონ.
2023 წელს რა მოხდა? ვიღაცები ცდილობდნენ, ერყიათ ეს ქვეყანა, არ დაესვენებინათ, მოეწყოთ რევოლუცია. აქ საუბარი არ მაქვს ევროკავშირზე. სამწუხაროდ, ევროკავშირი იმ მომენტში მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და მოხდა ისე, რომ 2022 წელს ჩვენ უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. როგორ შეიძლება, ახსნა, რატომ არ მოგვცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, რამე ახსნა აქვს ამას? არავითარი ახსნა არ აქვს. მოლდოვას აძლევ დსთ-ს წევრს, უკრაინას და საქართველოს არ აძლევ. კორუფციის კუთხით იცით, რა ხდება მოლდოვაშიც და უკრაინაშიც. პირდაპირი ფორმით რომ ვთქვათ, კორუფციაში იხრჩობა ორივე ქვეყანა. იმ ორ ქვეყანას აძლევ სტატუსს, საქართველოს – არა, რასაც არავითარი ახსნა არ აქვს. ანუ, მაშინ ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ, ამიტომ, აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებული იქნა რევოლუციის მცდელობისთვის.
ვერავინ ახსნის, რატომ არ მოგვცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხეთ, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, თავიდან აგვეცილებინა დესტაბილიზაცია, ბოლოს მივიღეთ კანდიდატის სტატუსიც. თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევაში, იგივე შედეგს მიიღებ, შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო წინ წახვალ ევროინტეგრაციის მიმართულებით. მაშინ ჩვენ პრინციპულად რომ არ გვებრძოლა, ბოლომდე რომ არ გაგვეტანა ყველაფერი, დღეს არ გვექნებოდა მშვიდობა, სტაბილურობა და უკან მოგვრჩებოდა ევროკავშირი, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება. მთავარია ეროვნული ღირსების და პრინციპების ბოლომდე დაცვა. ამას თუ გააკეთებ, შედეგებს მიიღებ ყველა მიმართულებით. ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.