რუსეთი მას განიხილავს, როგორც მსახურს და არა როგორც პარტნიორს და მხოლოდ იმ თამაშის წესებით ათამაშებს, რაც თვითონ მიაჩნია სწორად, - ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მაინც რატომ დააკორექტირა ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიძინამ საკუთარი მესიჯ-ბოქსი გარკვეული შერბილების მიმართულებით?
ჩემის აზრით, საქმე იმაში გახლავთ, რომ მას ფსონი დადებული ჰქონდა ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვაზე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის თემაზე. ის ფიქრობდა, რომ რუსეთი დაეხმარებოდა ამ ნარატივის დანერგვაში, ჩაატარებდა ოპერაციას “გარეჯი საქართველოა-2” გაზრდილი ფსონებით და ამით გააპრავებდა საკუთარ კოლაბორაციონიზმს. რომ თითქოს, ამ მავნე პოლიტიკას მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ ამ გზით ტერიტორიებს იბრუნებს.
მოხდა ისე, რომ რუსეთმა მის ამ მორიგ “ტრიუკს” ცივი წყალი გადაასხა, განმარტა რა, რომ აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და საქართველო მათთან მხოლოდ ამის გათვალისწინებით უნდა საუბრობდეს.
ბიძინამ ამით დაინახა - რუსეთი მას განიხილავს, როგორც მსახურს და არა როგორც პარტნიორს და მხოლოდ იმ თამაშის წესებით ათამაშებს, რაც თვითონ მიაჩნია სწორად. მოსკოვს ცრემლების არ ჯერა და ბიძინას პრობლემები და ტრიუკები მხოლოდ მისი თავის ტკივილია.
ახლა ფიქრობს - “არც იქინე მიმიღონ, ვერც აქანე გავჩერდე, საით წევიდე, არ ვიცი…”
ამიტომ აიჭრა და ახლა ცდილობს ცეიტნოტში გადაალაგოს მესიჯ-ბოქსი“, - წერს ხუხაშვილი.