გუშინ ვუსმენდი პარტიების ლიდერების პოზიციებს ქართული ქარტიის მიზნების ირგვლივ კონსოლიდაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით და გამიჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის შეგრძნება.
მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ ამ მიმართულებით კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საარჩევნო სინერგიის შესაქმნელად, რაც პრაქტიკულად გარდაუვალს გახდის ხელისუფლების დამარცხებას. - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ვფიქრობ, რომ ძლიერი სვლა იქნებოდა უკვე ამ ეტაპზე პრეზიდენტის მხრიდან პარტიებთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ გარდამავალი მთავრობის ზე-პარტიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება.
კანდიდატის, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, არჩევნების შედეგების შესაბამისად, მოახდენს მთავრობის ფორმირებას, რომლის მანდატი იმოქმედებს მანამდე, სანამ ქვეყანა არ დაბრუნდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ გზაზე. ამის შემდეგ ის გადადგება და ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება უკვე იმ პარტიული ქვოტების მიხედვით, რასაც გვიკარნახებს საკუთრივ არჩევნების შედეგები.


შევეცდები ავხსნა და დავასაბუთო ეს მოსაზრება:

1. დასამალი არ არის, რომ ოპოზიციის მიმართ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობა არც ისე მაღალია. ის თვლის, რომ “ესენიც პორტფელებისთვის იბრძვიან და არაფერი შეიცვლება”.
შესაბამისად, ეს ნაბიჯი ამ განწყობებს გაანეიტრალებს.
2. სკეპტიციზმის მეორე მიზეზი - “ესენი დაჭამენ ერთმანეთს პრემიერობისთვის და ვერ შეთახმდებიან”.
შესაბამისად, ეს განწყობებიც განეიტრალდება.
3. საგრძნობლად გაამარტივებს პოსტ-საარჩევნოდ სახელისუფლებო კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებების პროცესს.
4. გაუადვილებს საჯარო სექტორში დასაქმებულ ამომრჩეველს ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევანის გაკეთებას, გაქრება რა მათ მიმართ რევანშიზმის საფრთხე.
5. გაჩნდება ამომრჩეველში ცალსახა განცდა, რომ ის არჩევანს აკეთებს არა პარტიებს შორის, არამედ მიდის რეფერენდუმზე ევროპასა და რუსეთის იმპერიას შორის არჩევანის გასაკეთებელ.
6. პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტთან ერთად გახდება პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი.

საბოლოო ჯამში მივიღებთ სამ განზომილებიან პოლიტიკურ ბრძოლას:
ზურაბიშვილი vs ივანიშვილი
X(პრემიერობის კანდიდატი) vs კობახიძე
პროდასავლური პარტიები vs ქართული ოცნება.
ჩემი აზრით, ასეთი 3 შრის ფორმირების შემთხვევაში არჩევნები დასრულდება ოპოზიციის და შესაბამისად ევროპული არჩევანის სრული გამარჯვებით, ანგარიშით  -  3 : 0" - წერს გია ხუხაშვილი.