გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც დღესაც ძალიან დიდი სეგმენტია, არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ იმის ბაზაზე, რომ ვიღაც მოსწონს ან არ მოსწონს, მან უნდა იცოდეს , რომ ვისაც ირჩევს, რაღაც პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, ძალას უნდა ასხივებდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის"ეთერში გიორგი გახარიას პარტიისა და „ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გეტყვით, რატომ ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება ქმნის სინერგიას - გასაგებია, რომ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მონაცემები, რომ რიცხვებით ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებები, არსებობს ემპირიული გამოცდილება. ოპოზიციური ამომრჩეველი რომ ავიღოთ, რა ძირითად სეგმენტებად იყოფა, მაინც განვიხილავ ხოლმე ზოგად სურათს. ოპოზიციურ ამომრჩეველს ორ ჯგუფად გავყოფ - ერთია “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან აფილირებული ჯგუფების ამომრჩეველი და მეორე ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს აწმყო “ქართული ოცნების” სახით, მაგრამ, ამასთანავე არ არის მზად იმისთვის, რომ დაბრუნდეს წარსულში, ანუ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს ხმა, ე.წ. “ანტი ნაც-ქოცი” ამომრჩეველი. ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც დღესაც ძალიან დიდი სეგმენტია, არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ იმის ბაზაზე, რომ ვიღაც მოსწონს ან არ მოსწონს, მან უნდა იცოდეს , რომ ვისაც ირჩევს, რაღაც პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, ძალას უნდა ასხივებდეს.
ეს ორი სეგმენტი ერთმანეთთან ანტაგონისტურად არიან განწყობილნი. ანტი-ნაცის წილი ამ სეგმენტში ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, ამის კაპიტალიზაცია მხოლოდ ამ ორ დიდ ჯგუფს შეუძლია. მათი გაერთიანება ძალების დემონსტრირებასავით გამოდის. მარტო ეს ფაქტორიც არ არის, ამას შესაბამისი შეფუთვა სჭირდება.
ამ ყველაფერში შემოდის ძალიან სერიოზული ფაქტორი პრეზიდენტის სახით, რადგან მისი ინიციირებულია, ხელდასმით მიმდინარეობს ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტი ვერ ჩაერთვება იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს შესაბამისი კონსტიტუციური შეზღუდვა, ის უკვე ამ პროცესის ლობისტად ასოცირდება”, - განაცხადა ხუხაშვილმა.