კომიკურად გამოიყურება, როდესაც გუშინ ბუჩქებში მჯდომი ღლაპები თავაწეულები და ამაყები არიან აშშ-სთან ბრძოლაში იმის იმედად რომ იქიდან ხელს არ შემოუბრუნებენ რუსეთისგან განსხვავებით, მაგრამ როგორც ჩანს, ხელის შემობრუნება იქნება და იქნება ძალიან მწარედ, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გამომდინარე იქიდან რომ ხელისუფლება არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას, პირიქით, სულ უფრო და უფრო აგრესიული, პრორუსული ხდება, შესაბამისად, როდესაც ერთ მხარეს დაწოლა ძლიერდება, მეორე მხარეც იგივეს აკეთებს და აშშ-ს მხრიდან სანქციების პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი, პროგნოზირებადი იყო და როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება. ველოდები, რომ არჩევნებამდე ორი-სამი კვირით ადრე შეიძლება ძალიან სკანდალური ამბები გავიგოთ, ფაქტობრივი მასალებით გამაგრებული. სამწუხარო პროცესია, არავის არ გვიხარია, მაგრამ ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ერთის მხრივ ამბობს, რომ ჩვენ გვინდა თქვენს ოჯახში ცხოვრება, მაგრამ თამაშის წესები იქნება ჩემი. სხვა საკითხია, ძალიან კომიკურად გამოიყურება, როდესაც გუშინ ბუჩქებში მჯდომი ღლაპები თავაწეულები და ამაყები არიან აშშ-სთან ბრძოლაში იმის იმედად რომ იქიდან ხელს არ შემოუბრუნებენ რუსეთისგან განსხვავებით, მაგრამ როგორც ჩანს, ხელის შემობრუნება იქნება და იქნება ძალიან მწარედ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.