დუღილის პროცესი დაჩქარდა, ბაქტერიები მაღალ ტემპერატურას ვეღარ უძლებენ, ლექი ფსკერზე ეშვება და წყალი წყაროს წყალივით სუფთა ხდება. ყველა გამოჩნდა - მტერიც და მოყვარეც, ისინიც, ვინც „თამაშით" იყვნენ დღემდე დაკავებულნი. - ამის შესახებ "ხალხის ძალის" გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით წერს.
"გამოჩნდნენ ჩასაფრებულნიც და ქვეყნის ერთგულნიც, მორწმუნენიც და ურწმუნონიც, „პირადნიც და საზოგადონიც“; ჩანან სწავლულნიც და უსწავლელნიც, მკითხველნიც და უკითხავნიც, მორჩილნიც და ღირსეულნიც, კაცნიც და ქალნიც, ისინიც, ვინც ამაშიც ვერ გარკვეულან... რევოლუციის საჭიროებაც აღარ არის იმიტომ, რომ რევოლუცია უკვე მოხდა. ყველამ თავის ადგილს მიაგნო. რუსულის ძახილმაც მოჭამა დრო, იმიტომ, რომ ტყუილს იმაზე მოკლე ფეხები ჰქონია, ვიდრე გამჭვირვალობამდე გვეგონა. ევროპაშიც ცოდვა მალე ჩამოირეცხება და ჩვენც ნუ ვიჩქარებთ, „მოჩქარეს მოუგვიანდესო", ნათქვამია.
ცოტა დავიცადოთ და უფრო ღირსეულად მიგვიღებენ, თანაც, ცალ ფეხზე ლაყლაყიც აღარ მოგვიწევს. კიდევ კარგი მოვახერხეთ და მშვიდობიანად, ომის გარეშე, გავდივართ ამ გზას, თორემ „ცხელი ბომბები"ყველას ერთად მუსრს გაგვავლებდა, „შავი ფულიც" უკან დარჩებოდა ზოგიერთს და საზეიმოც სხვას ექნებოდა. მოკლედ, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად მიდის და ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც მალე იხარებს.“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.