პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფრანგი კოლეგების განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთი და იმავე კონტექსტის შეფასება არ შეიძლება საქართველოში სხვა იყოს და დასავლეთში სხვა.
„ჩვენ ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, ამის შემდეგ კიდევ ბევრი აქცია, როცა ახალგაზრდებს, სწორედაც რომ ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია. ერთი და იმავე კონტექსტის შეფასება არ შეიძლება საქართველოში სხვა იყოს და დასავლეთში სხვა. თუმცა არ მიკვირს, რადგან ამ პროცესების უმთავრეს საკითხთან დაკავშირებითაც ვიხილეთ ორმაგი სტანდარტი, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში, დასავლურია და იგივე კანონი საქართველოში არის რუსული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.