საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს დედაქალაქ მადრიდში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის, ესპანეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის გენერალურ კომისართან და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის უფროსთან.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა შეაჯამეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგები, განიხილეს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების, პოლიციის ატაშეების საქმიანობის ეფექტიანობისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ესპანეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ,  სადაც  სასწავლო პროცესს, პროფესიული მომზადების პროგრამებსა და აკადემიის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში, დავით კიკნაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ესპანეთის სამეფოსა და ანდორის სამთავროს ეროვნული პოლიციის, მუნიციპალური პოლიციის და სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლები.