„გუშინ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თქვენ ნახეთ თავისუფლების, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მომხრე გულანთებული მოქალაქეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც მშობლების თაობასთან ერთად იცავდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის იმის დასტური, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ერთად დგას და იცავს ქვეყნის ინტერესებს.
„პოლიტიკურ ტრიბუნაზე კი იდგა, არა „შავი ფულით“ გაჯერებული, ტექნიკური მთავრობა, რომელიც გარე დაკვეთების უპირობო შემსრულებელია, არამედ თავად ამ ხალხის არჩეული ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია სწორედ ამ საზოგადოების მიმართ. ეს არის დასტური იმისა, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ერთად დგას და ერთად იცავს ქვეყნის ინტერესებს. ეს იყო ერის ხმა, რომელიც სპეკულაციის სივრცეს არ ტოვებს, არც ქვეყნის შიგნით და არც - ქვეყნის გარეთ, საიდანაც ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, თითქოს ხალხი სხვაა და ხელისუფლება - სხვა.
თუმცა, გლობალური ომის პარტიის მიერ მხარდაჭერილ ღამურებს გუშინდელი, ასეულ ათასიანი შეკრება მაინც ეცოტავებათ და ებევრებათ ვიწრო ქუჩებში ჩატარებული საკუთარი აურზაური.
აქციის დისკრედიტაციისთვის, ხან ოპოზიციური ტელევიზიები განაპირა ლოკაციებს აშუქებდნენ და ხან „ფეისბუქის ლომები" ხალხს თბილისელებად და სოფლელებად ყოფდნენ. მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ცხვრები უწოდეს და საკუთარ მომხრეებს - ერთ დასტვენაზე გამოყვანილი ხალხი.
გუშინდელ, ქუჩაში შემდგარ თაობათა ერთობას, ერისა და ბერის ერთად დგომას, რუსული მარში დაარქვეს და ამით საქართველოს მთლიან საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენეს“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, დესტრუქციულ ოპოზიციას ხალხის არ ესმის, ის არ ასვენებს ქვეყანას და მუდმივად მის ცალ ფეხზე დგომას ითხოვს, ყველაფერს ქართულს კი „რუსულის“ ძახილით ანადგურებს.
„მათ არ ესმით, რომ ღირსება არ შეიძლება იყოს ანტიდასავლური და მით უმეტეს - რუსული.
არ შეიძლება ქვეყნის სიყვარულს, მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და გამჭვირვალობას უწოდო რუსული და ანტიდასავლურად შერაცხო.
აი, ის კი, როცა ქვეყანას მუდმივად არყევ, ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად კადრულობ ყველაფერს, საკუთარ ჯარს აბრალებ 2008 წლის ომის დაწყებას, მოღალატეობრივ რეზოლუციას უჭერ მხარს და ამავე დროს, ქვეყნის სასარგებლოდ ევროპულ რეზოლუციას არ ემხრობი, სწორედ ეს არის რუსული და ანტიდასავლური;
როცა ქვეყანას, გარე დაკვეთით, ომის ქარცეცხლში გახვევ და შესაძლო დამდგარ შედეგზე არც კი დაფიქრდები, არა თუ დაფიქრდები, არამედ ხელმეორედაც ხარ ამისთვის მზად, თუ ამას დაგავალებენ, სწორედ ეს არის ანტიქართულიც, ანტიდასავლურიც და რუსულიც.
სწორედ ამიტომ საჭიროა ქართული გამჭვირვალობა, რომელიც ბოროტებას ხილულს გახდის და ქვეყნის სტაბილურობას დააზღვევს.
გუშინდელი შეკრება და ერის ხმა ანგარიშგასაწევი უნდა გახდეს ყველასთვის, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.
პოლიტიკურმა უმცირესობამ თავი დაანებოს უმრავლესობად წარმოჩინებას და ქვეყნის გარეთ ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ დაივიწყონ, რომ ხელისუფლება სხვაა და ხალხი - სხვა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.