როდესაც ჩემ წინ ქალბატონი მირბოდა, ხელის გადაფარება მოვინდომე, ყველაფერი ინტუიციურად ხდებოდა იმ მომენტში, წამებში. მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა',- ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილის შვილმა, დავით ჭიჭინაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა გაიხსენა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დარბევა დაიწყო, ხელებშეკრული, მიწაზე დაყრილი ადამიანები დაახლოებით ექვსჯერ სცემეს დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე.
„26 მაისის სასამართლოზე როცა გახლდით დაზარალებულის სტატუსით, ერთ-ერთი ბრალდებული წამოხტა, გეგონება, არაფერი დაუშავებიათ და ეუბნება მოსამართლეს, ასე დეტალებში როგორ ახსოვს, ეს დადგმულიაო. მე ვუთხარი, ჯერ დაჯექი შენს ადგილას, რა გაძლევს უფლებას, რომ ასეთი რამ თქვა, ამდენი წელი გავიდა, დილით რომ ვდგები, ყოველ დილით ჩემს ნაიარევს ვუყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახლდით პარლამენტის წინ, ტროტუარზე, ჩემი ცოლის ძმა, თემურ ლოგუა იდგა შუაში. ეს იყო დედაჩემის, ნონა გაფრინდაშვილის და ჩვენი ოჯახის წევრების სურვილიც, რომ ვყოფილიყავით ხალხში და არა სადღაც სცენაზე, რადგან უბედურება თუ მოხდებოდა, პირველი დარტყმა ხალხთან ერთად ჩვენც მიგვეღო. ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ ცუდად ვხედავდით, ცუდად ვსუნთქავდით და ამ დროს მახსოვს, მომხვდა კონდახი. როდესაც ჩემ წინ ქალბატონი მირბოდა, ხელის გადაფარება მოვინდომე, ყველაფერი ინტუიციურად ხდებოდა იმ მომენტში, წამებში. მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა და ხელბორკილები რომ დამადეს, იმის შემდეგ, ვიდრე მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, ექვსჯერ დამაწვინეს გზაში და ექვსჯერ გამლახეს – მარტო მე არა, იქ დაყრილები, ყველანი. ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე, კადრებშიც ჩანს. მინდა, ახალგაზრდა თაობამ ამას კარგად მოუსმინოს. მათ ცეკვა და „ბატლები“ ძალიან გათავისებული აქვთ, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთი-ორი სპეცრაზმელი შემოირბენდა ამ დაყრილების ჯგუფში, ან კონდახით, ან ხელკეტით რამდენიმეს დაარტყამდა თავში, სახის არეში, რომ თავიანთი ხელმძღვანელობის ყურადღება მიექცია. ანუ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თავი უნდა მოეწონებინათ, კარგი პრემია რომ მიეღოთ. ამას მერე მივხვდით, რადგან საკვირველი იყო: რამდენიმე შემოირბენდა, დაუვლიდა ვისაც გადასწვდებოდა კონდახით ან ხელკეტით, ორი წუთით გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 20-30 მეტრით, დაგვყრიდნენ ისევ, მერე მეორე შემადგენლობა შემოირბენდა, ჩაგვარტყამდნენ და ასე დაახლოებით 6-ჯერ მოხდა. იმ სიტყვებს და მუქარებს აღარ ვიტყვი, რასაც ამბობდნენ, „რუსის მონებო“ და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, რუსთაველზე ცემის შემდეგ, ხალხი ავტობუსებში ჩაყარეს და პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანეს, სადაც მათ ე.წ. კორიდორში გავლა მოუწიათ.
„იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა, რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური „შიპებიანი“ ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი. ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, პოლიციის სამმართველოსთან რიგები იდგა ავტობუსის. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს. 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს – კეფაში, თავში, სახეში მხრებში“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ