„მე ორივე კანდიდატს: კაროლ ნავროცკის და რაფალ ტშასკოვსკის ვიწვევ ჩემს Youtube არხზე სასაუბროდ. ჩვენი საუბრის დროს გთხოვთ, ხელი მოაწეროთ დეკლარაციას, რომელიც შეესაბამება ჩემი ამომრჩევლების მოლოდინებს. ჩემი ამომრჩევლის დასარწმუნებლად არ არსებობს უკეთესი გზა, ვიდრე ჩემს სოციალურ მედიაში გამოჩენა“, - წერს სლავომირ მენცენი X-ზე.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე ტურში გასულ მმართველი კოალიციის კანდიდატმა რაფალ ტშასკოვსკიმ პირველ ტურში ხმების 31,36% მიიღო, მეორე ადგილზე გასული პარტია „კანონი და სამართლიანობის“ კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ კი 29,54%. მესამე ადგილზე 14,81%-ით სლავომირ მენცენი („კონფედერაცია“) გავიდა, მეოთხეზე გჟეგოჟ ბრაუნი (პოლონეთის გვირგვინის კონფედერაცია“) 6,34%-ით. სხვა ცხრა კანდიდატმა ერთად 17,95% მიიღო.
პოლონელი პოლიტიკურ მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პირველ ტურში „კანონი და სამართლიანობის“ და მასთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი მემარჯვენეების კანდიდატებმა ჯამში ხმების თითქმის 51% მიიღეს და მეორე ტურში მათი ამომრჩევლების გაერთიანების და აქტივობის იგივე დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში შემთხვევაში ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის, გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს.
პირველიდან მეორე ტურში ვერგადასულმა ორმა კანდიდატმა, შიმონ ჰოლოვნიამ („მესამე გზა“, პოლონეთის სეიმის მარშალი, 4,99%) და ჯოანა სენიშინმა (დამოუკიდებელი კანდიდატი, მემარცხენე, ევროპარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების წევრი, 1,09%) თავიანთ ამომრჩევლებს რაფალ ტშასკოვსკის მხარდაჭერისკენ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე მოუწოდეს, დღეს კი მოულოდნელი განცხადება გააკეთა სლავომირ მენცენმა.
სამწუხაროდ, მეორე ტურში ჩემ ამომრჩევლებს „ძალიან შეზღუდული მანევრირების სივრცე ექნებათ“. სავსებით ცხადია, რომ ამომრჩევლები კარტოფილის ტომრები არ არიან და შეუძლებელია მათი გადაცემა ან გადაადგილება, ან იძულება, ხმა მისცეს იმ ადამიანს, ვისაც არ სურს. ჩემი ამომრჩევლის მხარდაჭერას შეუძლია გადაწყვიტოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი. „ისინი თქვენ ტელევიზორს არ უყურებენ, არ სჯერათ თქვენი მედიის პროპაგანდის. ისინი სოციალურ ქსელებს იყენებენ, ჩემს მასალებს ათვალიერებენ. თუ მათი ხმა თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაარწმუნეთ ისინი. გეპატაჟებით!“- განაცხადა პრესკონფერენციაზე სლავომირ მენცენმა და ჩამოთვალა ის პუნქტები, რომლებზეც მის YouTube არხზე მისულ მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შეეძლოთ ხელი მოეწერათ, რათა ამომრჩევლები მათთვის ხმის მიცემის საჭიროებაში დაერწმუნებინათ:
1. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონპროექტს, რომელიც გაზრდის პოლონელებისთვის არსებულ გადასახადებს, მოსაკრებლებსა და შესატანებს ან დააწესებს ახალ ფისკალურ ტვირთს;
2. მე არ მოვაწერ ხელს ნაღდი ფულის მიმოქცევის შემზღუდველ არცერთ კანონს და დავიცავ პოლონურ ზლოტს;
3. პოლონეთის კონსტიტუციის შესაბამისად, მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას;
4. მე არ დავუშვებ პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნას;
5. მე არ მოვაწერ ხელს კანონს უკრაინის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ;
6. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც პოლონელებს იარაღზე წვდომას შეუზღუდავს;
7. მე არ დავეთანხმები პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლების რაიმე უფლებამოსილების ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემას;
8. მე არ მოვაწერ ხელს ევროკავშირის არცერთი ახალი ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომელიც ასუსტებს პოლონეთის როლს, მაგალითად, მისი ხმის მიცემის უფლების შესუსტებით ან პოლონეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევით.
პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ სლავომირ მენცენის მიწვევა „კონკრეტულ შეთავაზებად და ძალიან კარგ მიმართულებად“ შეაფასა.
„სლავომირ მენცენს ოფიციალური მხარდაჭერის შესახებ უნდა ვესაუბრო“, - თქვა მან.
მენცენის წინადადებაზე რაფალ ტშასკოვსკის რეაქციის შესახებ პოლონურ პრესას ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შესწორება 18:07 საათი
ბოლო ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 4,23%-ით მეექვსე ადგილზე გასულმა მაგდალენა აგნეშკა ბეიატმა (მემარცხენე, დამოუკიდებელი კანდიდატი) თავის ამომრჩეველს მეორე ტურში რაფალ ტშასკოვსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ხოლო რაფალ ტშასკოვსკიმ თქვა, რომ გაეცნო სლავომირ მენცენის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ მათი დიდი ნაწილი დასაბუთებულია და განზრახული აქვს გათვალისწინება, თუმცა, მან პირდაპირ არ უპასუხა მენცენის სოციალურ ქსელში სასაუბროდ მიწვევას და მოკლედ კომენტარით შემოიფარგლა: „მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ“.