საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის საკითხები და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო.

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, საქართველოში მუშაობა დღეს დაიწყო.

მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.

მომდევნო დღეებში სსფ-ს მისია სამუშაო შეხვედრებს გამართავს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკების და სხვა დეპარტამენტებთან.

ვიზიტის დასასრულს მისია შემაჯამებელ შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართავს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.