არც თვითონ შეუძლიათ, რომ საქართველოს საქმე გააკეთონ ევროპარლამენტში და არც სხვას აძლევენ ამის საშუალებას, ძალიან ცუდია, სამარცხვინოა , - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტის გადადების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ძალიან ცუდია, რომ ეს ვიზიტი ჩაიშალა, რადგან როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2010 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ყოფილა ევროპარლამენტში, არ წარმდგარა სიტყვით. ეს იყო ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი და არა რომელიმე პარტიისთვის, პოლიტიკური ძალისთვის ან სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის. მას იქ უნდა ჩაეტანა საქართველოს მოქალაქეების ხმა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემდგარიყო ეს ღონისძიება.
როგორც მისი ადმინისტრაციის განცხადებიდან ვიგებთ, ესაა მთავრობის მიერ შექმნილი დაბრკოლება. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მთავრობა არც თვითონ მუშაობს იმისთვის, რომ მაგალითად ღარიბაშვილი ჩავიდეს, მაგრამ რომ ვიცოდეთ, ღარიბაშვილი ჩადის, მე მგონი, ძალიან შეშინებული ვიქნებოდით, იქ რას ილაპარაკებს, ძალიან ცუდი ელჩი იქნება ის საქართველოსთვის, მაგრამ არც თვითონ შეუძლიათ, რომ საქართველოს საქმე გააკეთონ ევროპარლამენტში და არც სხვას აძლევენ ამის საშუალებას, ძალიან ცუდია, სამარცხვინოა. მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რას ნიშნავს ეს, როდესაც პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუწყოს ხელი, იმუშაოს ამაზე და მას ბლოკავს მთავრობა?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.