გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ ელის, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მალე დასრულდება, რადგან მშვიდობა შეუძლებელია რუსული ჯარების გაყვანის გარეშე. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა, Rheinische Post-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს", - განაცხადა შოლცმა. მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ყველაფერი მაშინვე ნორმალურ ყოფას არ დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ ასევე არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა მის დასასრულებლად", - დასძინა კანცლერმა.
შოლცმა ასევე თქვა, რომ გარე ძალის გამოყენებით, რეჟიმის შეცვლის კონცეფციის არ სჯერა. კანცლერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უთხრა, რომ თეთრი სახლი მსგავს ვარიანტს არ განიხილავს. "მე მხარს ვუჭერ ამერიკის პრეზიდენტს ამ იდეაში", - ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.
"რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში მშვიდობის პირობების კარნახი. უკრაინას უნდა შეეძლოს, დაიცვას თავისი მთლიანობა და დამოუკიდებლობა", - თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მშვიდობის შესაძლებლობას რუსეთსა და უკრაინას შორის რუსული ჯარების გაყვანის გარეშე.
"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი. საზღვრები არ უნდა დაირღვეს ძალის გამოყენებით", - განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი, მისი შედეგები დიდი ხნის განმავლობაში იქნება და უკრაინას ხანგრძლივი აღდგენა დასჭირდება.