გერმანია, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დასასტაბილურებლად, სომხეთის სასაზღვრო რაიონებში მეტ დამკვირვებელს გაგზავნის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ბერლინში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას შოლცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონში არსებული სტატუს-კვო არასტაბილურია, ხოლო ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ "უკიდურესად დამთრგუნველი". გერმანიის კანცლერმა, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე დაყრდნობით, კონფლიქტის მოგვარების "სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტის" მოძიებისკენ მოუწოდა.
ამასთან, შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ძალიან ამაყობს" მთიან ყარაბაღში, სადემარკაციო ხაზის მონიტორინგის მიზნით განხორციელებული ევროკავშირის მისიით, რომელსაც გერმანიის ფედერალური პოლიციის ოფიცერი ხელმძღვანელობს. გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მას, ამ მისიის შემდგომი განვითარება, გერმანიიდან მეტი დამკვირვებლის ჩართულობით სურს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი კონფლიქტი, მთიანი ყარაბაღის გამო, სრულფასოვან საომარ მოქმედებებში არაერთხელ გადაზრდილა. 2022 წლის სექტემბერში, მინიმუმ 286 ადამიანი დაიღუპა ორივე მხრიდან, სანამ აშშ-ს შუამავლობით დადებული ზავი არ დაასრულებდა უმძიმეს შეიარაღებულ შეტაკებებს 2020 წლის შემდეგ, როდესაც ბაქო და ერევანი, ექვსი კვირის განმავლობაში, ნამდვილ ომს აწარმოებდნენ. შემდეგ 6500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და თვითგამოცხადებულმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ (NKR) დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ აკონტროლებდა.
2022 წლის დეკემბერში ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ეკოაქტივისტებს" უწოდებდნენ, გადაკეტეს ლაჩინის დერეფანი - სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ტერიტორია, რომელიც NKR-ს კონტროლის ქვეშ დარჩა. ბაქომ, რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებისთვის, ყარაბაღის აეროპორტის გამოყენება აკრძალა. შედეგად, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო: მოსახლეობას სურსათის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი საქონლის მწვავე დეფიციტი შეექმნა. იანვრის ბოლოს, სომხეთმა ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანის ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით მიმართა და მოიგო კიდეც.
18 თებერვალს ფაშინიანმა, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად, მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მოლაპარაკებებში ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც მონაწილეობდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის ერევნის მზადყოფნა დაადასტურა. ალიევმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბაქო შეისწავლის ახალ წინადადებებს მთიანი ყარაბაღისთვის.
ევროკავშირის ორწლიანი სამოქალაქო მისიამ სომხეთში (EUMA) მუშაობა 20 თებერვალს დაიწყო. მისი პერსონალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 100 ადამიანია, მათ შორის დაახლოებით 50 უიარაღო დამკვირვებელია.
მისია გაწერილია ორ წელზე და მისი მიზანია სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სტაბილურობის ხელშეწყობა, ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ნდობისა და უსაფრთხოების დამყარება, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა.
მისია ექსკლუზიურად სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედებს. ევროკავშირის საგარეო სამსახურის სამოქალაქო დაგეგმარების დირექტორი სტეფანო ტომატი სამოქალაქო ოპერაციების მეთაურად დაინიშნა, ხოლო მარკუს რიტერი, გერმანიის ფედერალური პოლიციის ყოფილი უფროსი, მისიის უფროსია.