გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, სათანადოდ ვერ დააფასა. "მან სათანადოდ ვერ დააფასა ევროპის, შეერთებული შტატების და უკრაინის ყველა მეგობრის ერთიანობა, ისევე როგორც იარაღის მუდმივი მიწოდება", - თქვა შოლცმა CNN-თან ინტერვიუში.
ამის წყალობით, უკრაინელებმა შეძლეს საკუთარი ქვეყნის დაცვა, აღნიშნა კანცლერმა. "და ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას მომავალშიც", - თქვა მან და დაადასტურა, რომ დასავლეთის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსურად, ჰუმანიტარულად, ასევე იარაღით.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, გერმანია, კონტინენტური ევროპის ქვეყნებს შორის, უკრაინის უდიდესი დონორი გახდა, - თქვა შოლცმა. "ასეა თუ ისე, ჩვენ, გასულ წელს, უკრაინას 14 მილიარდი ევრო გამოვუყავით და ასე გავაგრძელებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი მზადაა, უკრაინას უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მისცეს. "მაგრამ ჯერ მანამდე ვერ მივედით", - თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც პუტინი მიხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. "ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ მისი შემოჭრა და იმპერიალისტური აგრესია წარმატებას ვერ მიაღწევს და ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი", - განაცხადა შოლცმა.
შეკითხვაზე, მიიღწევა თუ არა შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, იმის აღიარებით, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს ანექსირებულ ყირიმს ან დონბასის ნაწილებს, შოლცმა უპასუხა, რომ უკრაინული მხარის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. "ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ", - განაცხადა მან.