გერმანიის მთავრობა მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს მისი სუვერენიტეტის დაცვაში, რათა მან შეძლოს სამართლიანი მშვიდობის მიღწევა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
"სწორედ ამიტომ ვუწევთ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უკრაინას, მის მოქალაქეებს - 14 მილიარდ ევროზე მეტი გასული 12 თვის განმავლობაში", - თქვა გერმანიის კანცლერმა. "ჩვენი გადაცემული იარაღი უკრაინას ეხმარება დაიცვას საკუთარი თავი და გაუძლოს. რადგან მხოლოდ ასე შენარჩუნდება ცივილიზაციის მიღწევები, რომლებსაც ჩვენი სამყაროც ეფუძნება."
შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინა, როგორც ერი და განაგრძობს ომის მოგებაზე ფსონის დადებას.
"ასეთი გამარჯვება არ იქნება... ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. პუტინი ცდება, როცა ფიქრობს, რომ დრო მასზე მუშაობს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება მასობრივი განადგურების ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენებას და გაიმეორა "მკაფიო მოწოდება ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ" თავის 12-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმაში".
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ჩინეთს მოუწოდა, არ გადასცეს იარაღი რუსეთის ფედერაციას.
"არ მიაწოდოთ იარაღი აგრესორ რუსეთს," - თქვა შოლცმა, "ჩემი გზავნილი პეკინისთვის ნათელია: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში რუსული ჯარების [უკრაინიდან] გასაყვანად."