რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მედლებით დააჯილდოვა Su-27-ის ეკიპაჟი, რომლის მოქმედებებმაც, პენტაგონის ცნობით, ამერიკული დრონის, MQ-9 Reaper-ის შავ ზღვაში ჩამოვარდნა გამოიწვია. ამის შესახებ 17 მარტს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე განაცხადა.
სამინისტროს თქმით, პილოტებმა "აღკვეთეს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად შექმნილი დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საჰაერო სივრცის გამოყენება."
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა და Su-27 მას "იდენტიფიკაციის მიზნით" მიუახლოვდა. ამის შემდეგ MQ-9 Reaper-მა დაკარგა კონტროლი და წყალში ჩავარდა.
პენტაგონის ცნობით, რუსი პილოტი განზრახ მიფრინდა დრონთან, რამდენჯერმე გადაასხა საწვავი და დაეჯახა მის პროპელერს. 16 მარტს ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ამის დამადასტურებელი ვიდეო გამოაქვეყნა.