„საუკუნეების განმავლობაში, ქართველი მეომრისა და სამშობლოს მცველის ფენომენი განსაკუთრებულ ღირსებასთან, სიმამაცესა და ერთგულებასთან ასოცირდებოდა. თქვენ ამ საამაყო ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები ხართ“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს სამსახური არის ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუციური მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი.
მიხეილ ყაველაშვილმა თავდადებისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ყველა ოფიცერს, ვეტერანსა თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ თანამშრომელს.
„სამ ათწლეულზე მეტია, რაც თქვენი სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეროვნული სიმშვიდის სადარაჯოზე. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს უპირობო ერთგულება არის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინსტიტუტები და სახელმწიფოებრივი ინტერესები საიმედოდ არის დაცული. ყველა თქვენგანი კარგად აცნობიერებს, რომ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე დგას არა მხოლოდ კონკრეტული პირებისა თუ სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება, არამედ მთლიანად სახელმწიფოს იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტი შეეხო მუდმივი განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან ადაპტირების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ უახლესი სტანდარტების დანერგვა კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო პარტნიორებში ნდობასა და ხაზს უსვამს ქართული სახელმწიფოს სიძლიერეს.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.








