რუსი სამხედროები მივიდნენ ამერიკული სადაზვერვო დრონის MQ-9 Reaper-ის ჩავარდნის ადგილზე, რომელსაც რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე ნეიტრალურ სივრცეში დაეჯახა.
როგორც CNN ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რუსები ცდილობენ ზღვიდან ამერიკული სადაზვერვო დრონის ნამსხვრევები ამოიტანონ. ახლა შავი ზღვის აკვატორიაში ფიქსირდება რუსული ფლოტის რამდენიმე გემი.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, დრონი საერთაშორისო წყლებში დაახლოებით ყირიმიდან სამხრეთ-დასავლეთიდან 70 მილში ჩავარდა. გაურკვეველია, შეძლეს თუ არა რუსებმა უპილოტო აპარატის ნამსხვრევების პოვნა, მას შემდეგ, რაც ისინი ჩავარდნის ადგილზე მივიდნენ.
როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ არ დაადასტურა, რომ რუსი სამხედროები დრონის ჩავარდნის ადგილზე მივიდნენ, თუმცა გაიმეორა, რომ აშშ-მა მიიღო ზომები, რათა შეუძლებელი გახდეს რუსეთის მიერ რაიმე ინფორმაციის მიღება ნამსხვრევებისგან.
ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ შეეცდებიან იპოვონ დრონის ნამსხვრევები და შეისწავლონ.
გენერალ მარკ მილის თქმით, დრონი შავი ზღვის იმ ნაწილში ჩაეშვა, რომლის სიღრმეც ერთ მილს შეადგენს, რაც უკიდურესად ართულებს ნამსხვრევების პოვნის ნებისმიერ მცდელობას. აშშ არ დაიწყებს უპილოტო საფრენი აპარატის მოძებნას, რადგან მას შავ ზღვაში გემები არ ჰყავს.