აღმოსავლეთ უკრაინაში ჩინური წარმოების გადაკეთებული და იარაღით აღჭურვილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ აღნიშნულია CNN-ის ექსკლუზიურ მასალაში.
უპილოტო საფრენი აპარატი- „მუგინ-5“ კომერციული უპილოტო თვითმფრინავია, რომელიც დამზადებულია ჩინელი მწარმოებლის მიერ. აპარატი ცნობილია, როგორც „ალიბაბას უპილოტო თვითმფრინავი“, რადგან ჩინურ ვებგვერდებზე 15 000 დოლარად იყიდება.
კომპანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩამოგდებული უპილოტო აპარატი მათი წარმოებისაა და მომხდარს „ძალიან სამწუხარო” უწოდა.
ეს არის სამოქალაქო უპილოტო აპარატის გადაკეთებისა და შეიარაღების უახლესი მაგალითი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც ომის სტილის სწრაფად ცვალებადობის ნიშანია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფმა აგენტებმა უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილეს, რომ რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რომელიც უკრაინული სამიზნისკენ მიემართებოდა. ამის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სლავიანსკთან, სამხედრო ნაწილებში განგაში გამოცხადდა.
უპილოტო თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა და მისი ჩამოგდება მარტივად მოხერხდა.