ამერიკელი სამხედროები დარწმუნდნენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების MQ-9 Reaper სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც შავ ზღვაში ჩავარდა, სხვა ქვეყნის ხელში არ აღმოჩენილიყო. ამის შესახებ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა "გადადგა ნაბიჯები, ამ კონკრეტულ უპილოტო საფრენ აპარატთან მიმართებით, ჩვენი მონაცემების დასაცავად".
"ცხადია, ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ ის ხელში ჩაიგდოს", - თქვა კირბიმ და დასძინა, რომ აშშ არ ეთანხმება რუსეთის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ ინციდენტში ჩართული არ ყოფილა.
თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავები ხშირად იჭერენ ამერიკულ თვითმფრინავებს შავი ზღვის თავზე და ასეთი შემთხვევები იყო ბოლო კვირებში. თუმცა, 14 მარტის ინციდენტი უნიკალურია იმით, რომ რუსეთის ქმედებები იყო განსაკუთრებით "საფრთხის შემცველი, არაპროფესიონალური და დაუფიქრებელი", - დასძინა მან.