ჩინეთმა გასული წლის განმავლობაში რუსეთთან ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობა გააძლიერა და მოსკოვს სანქცირებული დასავლური ტექნოლოგიების იმპორტში ეხმარება. ამის შესახებ Politico საბაჟო მონაცემების ანალიზის საფუძველზე წერს.
რუსეთის, ჩინეთის და უკრაინის საბაჟო ჩანაწერების თანახმად, რუსეთმა წელს ჩინეთიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დრონი შემოიტანა, რაც უკრაინაზე ოცდაათჯერ მეტია.
კერამიკის კომპონენტის რუსეთში ექსპორტი, რომელიც ტყვიაგაუმტარ ჟილეტებში გამოიყენება, 69%-ით გაიზარდა და 225 მილიონ დოლარზე მეტია, ხოლო უკრაინაში 61%-ით დაეცა, ხუთ მილიონამდე.
ჩინეთის ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი რუსეთში ხშირად ხორციელდება ახალშექმნილი კომპანიების მეშვეობით, რომლებიც სავაჭრო საქმიანობის დასამალად ფუძნდება. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა, Silva-მ, რომლის სათავო ოფისიც ბურიატიაში მდებარეობს და რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაარსდა, 100 000 ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი შეუკვეთა შანხაის კომპანია Shanghai H Win-ს.
დრონების შემთხვევაში, ჩინური მწარმოებელი DJI აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა და "აქტიურად აფერხებს მისი პროდუქციის საბრძოლო გამოყენებას."
თუმცა, Politico-მ იპოვა 2022 წლის ოქტომბრის კონტრაქტი ჩინურ კომპანია Iflight-თან, რომლის დახმარებითაც DJI-მ დრონები ჰონკონგის სხვა კომპანიის მეშვეობით რუსეთში შეიტანა.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით, დრონებით და თერმული კამერებით ვაჭრობა ხაზს უსვამს დასავლეთის სანქციების მოწყვლადობას, რადგან აღჭურვილობა ორმაგი დანიშნულების საქონლის ბუნდოვან კატეგორიას მიეკუთვნება.