NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი დარჩება. ამის შესახებ Politico გადაწყვეტილების მცოდნე ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელმა თანამდებობის პირმა გამოცემას განუცხადა, რომ სტოლტენბერგის ვადის გაგრძელება უკვე გადაწყვეტილია. დასავლეთ ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა Politico-სთან აღნიშნა, რომ ეს "მომავალ კვირას გაფორმდება." მაღალი რანგის დიპლომატმა აღმოსავლეთ ევროპიდან და NATO-ს მაღალჩინოსანმა ასევე დაადასტურა, რომ ალიანსში არსებობს კონსენსუსი სტოლტენბერგის მანდატის გასაგრძელებლად.
NATO-მ გამოცემას ოფიციალურად ამ საკითხზე ჯერ არ უპასუხა.
მოკავშირეებს სტოლტენბერგის მანდატის გაგრძელების გადაწყვეტილების ნატოს სამიტამდე მიღება სურდათ, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.
სტოლტენბერგი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრია. ის NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.
სტოლტენბერგის ვადა 2022 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ ის ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას აპირებდა. გენერალური მდივნის უფლებამოსილების ვადა მას მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელდა.