რუსეთში ვაგნერის აჯანყების ფონზე, ამერიკელი ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ვლადიმერ პუტინის ეგრეთ წოდებული "წითელი ხაზები" უფრო მკრთალია, ვიდრე აქამდე ეგონათ. ამის შესახებ Politico წერს.
"აშშ-ის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ პუტინისთვის პრიგოჟინთან შეთანხმების ერთ-ერთი მოტივი რუსეთში ფართომასშტაბიანი არეულობის თავიდან აცილება იყო.
ამან ზოგიერთი აიძულა, დაფიქრდეს, შეუძლიათ თუ არა უფრო შორს წავიდნენ და მიაწოდონ უკრაინას უფრო მეტი ლეტალური იარაღი, უფრო შორ მანძილზე მოქმედი - მათ შორის F-16.
ისინი ფიქრობენ, რომ პუტინის წითელი ხაზი შეიძლება უფრო მკრთალია, ვიდრე ადრე ეგონათ და მან შეიძლება თავი შეიკავოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან." - წერს გამოცემა.
Politico-ს თანამოსაუბრეების თქმით, ამ შეიარაღების გადაცემაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთის არმიაში არსებულმა ქაოსმა უკრაინის კონტრშეტევას ხელი შეუწყოს, თქვა: "ვფიქრობ, არსებობს გარკვეული შესაძლებლობა."
თუმცა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ჯერ კიდევ ელოდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნატოს სამიტი, რომელიც ორ კვირაში ვილნიუსში გაიმართება, ახალ მნიშვნელობას იძენს. ბლინკენმა მიანიშნა, რომ უკრაინისთვის "ძლიერი პაკეტი" მზადდება, რომელსაც ნატოს ლიდერები ვილნიუსში წარადგენენ.