ევროკავშირი 20 მლრდ ევროს მოცულობის სპეცფონდის შექმნას გეგმავს, რომლიდანაც უახლოესი 4 წლის განმავლობაში უკრაინის არმია დაფინანსდება, - ამის შესახებ, გამოცემა Politico-ს, საკითხში ჩახედულმა 5-მა სხვადასხვა დიპლომატმა უამბო.
მათივე ინფორმაციით, თანხები არა პირდაპირ უკრაინულ ჯარს გადაერიცხება, არამედ ევროკავშირის ქვეყნებს კომპენსაციის სახით უკრაინისთვის შეძენილი შეიარაღების, ასევე უკრაინელი სამხედროების წვრთნების ხარჯების დასაფარად.
როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, ეს ევროკავშირს სერიოზულ ვალდებულებად ექცევა, ვინაიდან სავარაუდო ხარჯები თითქმის 5-ჯერ აღემატება თანხას, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას დახმარების სახით ომის 16 თვის განმავლობაში გამოუყო.
ამასთანავე, მათი თქმით, ეს რადიკალურად ცვლის ევროკავშირის, როგორც არასამხედრო პროექტის დაუწერელ იდეოლოგიას.
"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ძნელი წარმოსადგენი იყო ევროკავშირი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში იარაღის მიწოდებას დააფინანსებდა, ახლა კი ეს მიდგომა შესაძლოა, წინასწარვე, უახლოესი 10 წლისთვის დააკანონონ" - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ცნობისთვის: ამჟამად ევროკავშირი უკრაინაში სამხედრო მიწოდებებს ევროპის მშვიდობის ფონდის ხარჯზე აფინანსებს, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ამ ფონდიდან 3,6 მილიარდი ევრო გამოეყო და შემდგომი - 500 მლნ ევროიანი ტრანში ჯერ შეთანხმებული არ არის, - აცხადებდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი. დაახლოებით 11 მილიარდი ევრო ევროკავშირის ქვეყნებმა კიევს ორმხრივ საფუძველზე გამოუყვეს. გარდა ამისა, კიდევ 2 მილიარდ ევროს ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების პროგრამაზე დახარჯავს.
ივნისში ბორელი გამოვიდა მოწოდებით, "მშვიდობის ევროპული ფონდი უკრაინის თავდაცვის ფონდად გარდაიქმნას, რათა ქვეყანას დახმარება კონფლიქტის დასრულების შემდეგაც გაეწიოს და მისი ჯარის მოდერნიზება გაგრძელდეს".