ევროკომისია 2024 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ეს თანხა ქვეყნის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა დაიხარჯოს. ამ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
დახმარება, რომელიც გრანტებსა და სესხებს მოიცავს, ახალი სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით გამოიყოფა ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში. სწორედ ამ თანხით დაიწყება ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენა.
გასულ წელს უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის აღსადგენად 411 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.
ევროკავშირი 72 მილიარდი ევროს დაფინანსებას გამოყოფს უკრაინის ბიუჯეტის დაბალანსებისთვის და ნაწილობრივ, ქვეყნის გადაუდებელი ინფრასტრუქტურული საჭიროებებისთვის.
ამ თანხას თან ახლავს ანტიკორუფციული და სტრუქტურული რეფორმების პირობები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის გაზრდას.
ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა, რომ წელს უკრაინას 18 მილიარდი ევროს იაფ, გრძელვადიან სესხებს გადასცემს ევროკავშირის ბიუჯეტის გარანტიებით, რაც მას ქვეყნის მთავარ ფინანსურ დონორად აქცევს.
აპრილში, უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ განაცხადა, რომ ქვეყანას 2024 წელს კიდევ 18 მილიარდი ევრო დასჭირდება.