უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონზე რუსეთის იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია, დაშავებულია კიდევ 8 პირი.

„11 დაღუპული, მათ შორის 5 ბავშვი - ასეთია პოკროვსკის რაიონზე დარტყმის წინასწარი შედეგები. რუსებმა რაიონზე იერიში მიიტანეს С-300-ის ტიპის რაკეტებით და 11 ადამიანი მოკლეს, დაჭრეს 8. ძირითადი დარტყმის ქვეშ მოექცა პოკროვსკი და როვნო“, - იუწყება დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი.

უკრაინული მედიის ცნობით, პოკროვსკიში გრძელდება სამძებრო ოპერაცია. სახლის ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, სავარაუდოდ, ნანგრევებში კიდევ ორი ადამიანია მოყოლილი.