აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ამის შესახებ პენტაგონმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ. ამის შესახებ Reuters წერს.
პენტაგონში აღნიშნავენ, რომ მოისმინეს რუსეთის განცხადება და მომავალში ვითარებას დააკვირდებიან.
„ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირების მიზეზს ვერ ვხედავთ, ასევე ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჩვენ ვრჩებით ერთგული NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების“, - განაცხადეს პენტაგონში.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე გაიზარდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კი „ბირთვულ აპოკალიფსს გვაახლოებს“.