უკრაინული ჯარები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ რუსი ოკუპანტებისაგან ყირიმის უახლოეს მომავალში გათავისუფლებას. ამის შესახებ პენტაგონის რამდენიმე მაღალჩინოსანმა საიდუმლო ბრიფინგზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუცხადა. ამ ინფორმაციას Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც "პირდაპირ იციან ბრიფინგის შინაარსი."
როგორც Politico-ს სტატიაშია აღნიშნული, გაურკვეველი რჩება კონკრეტულად რამ მიიყვანა გამომსვლელები ასეთ შეფასებამდე. მაგრამ სამი წყაროს თანახმად, ანგარიშებს ჰქონდა მკაფიო გზავნილი: "პენტაგონს არ სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია ან მალე შეძლებს რუსული ჯარების განდევნას ნახევარკუნძულიდან, რომელიც მოსკოვმა თითქმის 10 წლის წინ დაიპყრო."
გამოცემის მეოთხე თანამოსაუბრემ თქვა, რომ ბრიფინგი უფრო "ბუნდოვანი" იყო, მაგრამ მისი თქმით, არსი იგივე იყო, რომ უკრაინის მიერ უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიის დაბრუნება გარანტირებული არ არის.
წყაროების თანახმად, გამომსვლელებს შორის იყვნენ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი და გაერთიანებული შტაბის ოპერაციების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დაგლას სიმსი.
Politico-მ კომენტარი სთხოვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს, მაგრამ პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა თქვა, რომ დეპარტამენტი "არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ფარულ ბრიფინგებზე, არ ისაუბრებს ჰიპოთეზებზე და არ გეგმავს სპეკულირებას შესაძლო სამომავლო ოპერაციებზე."