Politico წერს, რომ პენტაგონში თანამდებობის პირები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების, F-16-ების გადაცემისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ უკეთ დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და დრონებისგან.
უკრაინა ამ თვითმფრინავებს ომის დაწყების შემდეგ ითხოვს, მაგრამ ვაშინგტონი თვლის, რომ სხვა ტიპის შეიარაღება, როგორიცაა არტილერია, საჰაერო თავდაცვა და ასე შემდეგ, უკრაინას უფრო მეტად ესაჭიროება.
გამოცემის ცნობით, უკრაინა გაზაფხულზე ახალი შეტევისთვის ემზადება და ამ კამპანიის მხარდასაჭერად უკრაინისთვის F-16-ების გადაცემაზე პენტაგონში განწყობა პოზიტიურად იცვლება.
Politico წერს, რომ ამერიკის ხელისუფლების მიერ ტანკებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე თანხმობის გამოცხადების შემდეგ, კიევში F-16-ებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი იზრდება.
"არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით," - თქვა თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმურმა წარმომადგენელმა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
უკრაინას გამანადგურებლები მის მთავარ პრიორიტეტად არ დაუსახელებია, ამიტომ პენტაგონი ამჟამად მისი გადაუდებელი პრიორიტეტების დაკმაყოფილებას ცდილობს.
თეთრი სახლის სპიკერმა გამოცემას ამ საკითხზე არ უპასუხა, თუმცა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის, ჯონ ფინერის განცხადებაზე მიუთითა. მან განაცხადა, რომ აშშ-ს არ გამოურიცხავს უკრაინისთვის არცერთი ტიპის იარაღის გადაცემა.