უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეცდომად უწოდა. მისი აზრით, უკრაინას საომარი მოქმედებების გაგრძელება და მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ დასავლური იარაღისა და აღჭურვილობის წყალობით შეუძლია. ორბანმა ეს განცხადებები გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.
"უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის. მათ არ აქვთ ფული. მათ არ აქვთ იარაღი. მათ მხოლოდ ბრძოლა შეუძლიათ, რადგან ჩვენ, დასავლეთი, მათ მხარს ვუჭერთ. ასე რომ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ მშვიდობა სურთ, მშვიდობა იქნება", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანის თქმით, უკრაინის გამარჯვების შანსების დანახვა "სიტუაციის არაადეკვატურად წარმოდგენას" ნიშნავს. "უკრაინას რუსეთზე ადრე ამოეწურება ჯარისკაცები. ეს, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის გაგრძელებით, უკრაინელებს, "წარმოუდგენელი განადგურება, დიდი რაოდენობის სიცოცხლისა და სიმდიდრის დაკარგვა" ემუქრება. ვარაუდს, რომ დასავლური იარაღის მიწოდების გარეშე, უკრაინა მთლიანად რუსეთის მიერ ოკუპირებული იქნებოდა, ორბანმა "მხოლოდ ჰიპოთეზა" უწოდა და თქვა, რომ რუსეთს NATO-სთვის, ან თავად უნგრეთისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.
ორბანმა ასევე უარი თქვა პუტინის სამხედრო დამნაშავედ განხილვაზე: "ომის დამთავრების შემდეგ, შეგვიძლება ვისაუბროთ ომის დანაშაულებზე. თუ ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მოლაპარაკება გსურთ, კონფლიქტში მონაწილე პირები უნდა დაარწმუნოთ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ორბანის აზრით, მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიპატიჟებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა "ვაგნერის" აჯანყებაზე. პოლიტიკოსი აჯანყების შესაძლებლობის ფაქტს სისუსტის ნიშნად მიიჩნევს. "თუმცა ის, რომ მან (ვლადიმერ პუტინმა) პრობლემა 24 საათში მოაგვარა, სიძლიერის ნიშანია", - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის მეთაური მანამდე უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე იყო. მან მოუწოდა, აღკვეთონ უკრაინის კონტრშეტევა და დაარწმუნონ მოსკოვი და კიევი, რომ შეწყვიტონ ცეცხლი და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ. უნგრეთის ხელისუფლება უკრაინას იარაღს არ უგზავნის და განმარტავს, რომ ესკალაციის თავიდან აცილება სურთ. დასავლელი ექსპერტები უნგრეთის ამჟამინდელი პოლიტიკის მიზეზს, რუსეთის ენერგორესურსებზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებასა და ორბანისა და პუტინის მჭიდრო ურთიერთობაში ხედავენ.