უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მისთვის ომის დამნაშავე არ არის.
"არა, ჩემთვის არა," - თქვა ორბანმა, როდესაც ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა პუტინს ომის დამნაშავედ. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მას მიაჩნია, რომ ამის თქმა არ შეიძლება, სანამ ომი გრძელდება.
ომის დანაშაულებზე, მისი აზრით, ომის დასრულების შემდეგ შეიძლება საუბარი. ორბანი "კონფლიქტის მონაწილეების" მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას მიიჩნევს საჭიროდ.
"იმის თქმა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და 'მოდი მე დაგიჭერ,' არ არის კარგი აზრი," - აღნიშნა მან.
კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში, ორბანმა თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია პუტინის უნგრეთში ვიზიტის გეგმაზე.
უნგრეთის პრემიერმა გერმანელ ჟურნალისტთან საუბრისას დაჟინებით მოითხოვა მოლაპარაკებების დაწყება და ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობის მისაღწევად.
"უკრაინამ, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა. თქვენ არ გაქვთ ფული. თქვენ არ გაქვთ იარაღი. მათ მხოლოდ ბრძოლა შეუძლიათ, რადგან ჩვენ მათ დასავლეთში მხარს ვუჭერთ," - განაგრძო ორბანმა.
ის ამტკიცებს, რომ "თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ მშვიდობა სურთ, იქნება მშვიდობა" და თვლის, რომ აშშ-მა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, შეთანხმდეს აგრესორ ქვეყანასთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე და "მასში უკრაინის ადგილი იპოვოს."