მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ChatGPT-ის გამოყენება სტუდენტებში მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს. ეს წარმოდგენას გვიქმნის, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დიდ ენობრივ მოდელებს განათლებაზე.
სპეციალისტებმა ბაკალავრიატიდან დოქტორანტურამდე სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ასობით სტუდენტი შეისწავლეს, რისთვისაც მათი თვითაღწერითი შეფასებები გამოიყენეს. კვლევა ორ ეტაპად განხორციელდა.
პირველ რიგში, ავტორებმა 165 სტუდენტის პასუხები მოიპოვეს იმის შესახებ, თუ რამდენად იყვნენ ChatGPT-ზე დამოკიდებულნი. ეს მათ 8-პუნქტიანი სისტემით უნდა შეეფასებინათ. შედეგების გასამყარებლად მეცნიერებმა მეორე ეტაპზე საერთო ჯამში თითქმის 500 მონაწილე 1-2-კვირიანი შუალედით 3-ჯერ გამოჰკითხეს.
დადგინდა, რომ აკადემიური საქმიანობით დატვირთული და დროში შეზღუდული სტუდენტები ChatGPT-ს უფრო აქტიურად იყენებდნენ. ასევე, ჩატბოტზე დამოკიდებულ ადამიანებში პროკრასტინაცია, მეხსიერების დაქვეითება და დაბალი GPA მეტად შეინიშნებოდა.
"ChatGPT-ის მომხმარებლის მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად გაცემა შეუძლია. შესაბამისად, სტუდენტებში, რომლებიც მას აქტიურად იყენებენ, შესაძლოა, აკადემიური დავალებების შესასრულებლად საჭირო კოგნიტიური ძალისხმევა შემცირდეს, რაც მეხსიერების დაქვეითებით სრულდება", — აცხადებენ ავტორები.
მათმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სტუდენტები, რომელთაც კარგი ქულების მიღება სურდათ, ჩატბოტის გამოყენებას ერიდებოდნენ, რადგან ეშინოდათ, ლექტორებს ეს არ შეემჩნიათ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ზემოხსენებულ უარყოფით ეფექტებსა და ChatGPT-ის გამოყენებას შორის კავშირი შესაძლოა, პირდაპირი მიზეზშედეგობრიობა სულაც არ იყოს. მაგალითად, არაა გამორიცხული, ხელოვნურ ინტელექტს დასახმარებლად ის ადამიანები მიმართავდნენ, რომელთაც ისედაც დაბალი ქულები აქვთ.
სპეციალისტები ასკვნიან, რომ ChatGPT-ის მსგავსი სისტემების ეფექტიანობის მიუხედავად, მისი პოტენციური გავლენაც უნდა გავითვალისწინოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში International Journal of Educational Technology in Higher Education გამოქვეყნდა.