ანექსირებული სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, 13 სექტემბრის ღამეს საზღვაო ქარხანაში ხანძარი იყო.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა Telegram არხზე დაწერა, რომ „არასამოქალაქო ობიექტზე“ ხანძარია, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გამოიწვია „მტრის" სარაკეტო შეტევამ.
მოგვიანებით რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმად, ხანძარია სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც 24 ადამიანი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის ძალების იერიში. მათი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე, სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ.
მათივე ინფორმაციით, 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ განთავსებული ორი გემი.
ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გასულ ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს შეუტიეს 3 უეკიპაჟო კატერით. მათივე განცხადებით, სამივე საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ გაანადგურა.