9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის და PLATFORMA-ს დელეგაციის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, მარინა ლიპარტელიანთან ერთად, მონაწილეობდა.
“Global Gateway” - ის ინიციატივების ფარგლებში, მარიამ გრიგოლიშვილი სიტყვით გამოვიდა და განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტრანსფორმაციასა და საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ მთავარ კარიბჭეზე გააკეთა.
“ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის” - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, მეტად დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტებს შორის პირდაპირ, პარტნიორულ გაცვლით პროგრამებს და ეს მიდგომა ასახოს „Global Gateway“-ის საინვესტიციო ფონდებში, რათა ადგილობრივი განვითარება სრულად შეესაბამებოდეს რეგიონულ სტრატეგიულ მიზნებს.
საბჭოს სხდომაზე მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროცესში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლზე, ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის პრიორიტეტებსა და „Global Europe“-ისა და „Global Gateway“-ის ფარგლებში მიმდინარე ინიციატივებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და საერთაშორისო მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
PLATFORMA-ს მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე დელეგატებმა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, პარტნიორობის მეოთხე საგრანტო შეთანხმების (SGA4) განხორციელების პროცესი და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები განიხილეს.






