ბოლო პერიოდში, საქართველოსა და ფრანგულენოვანი ქვეყნების ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. საქართველო გახდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი. ამ გადაწყვეტილებას მხარი ასამბლეის უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაგვიხსნის ახალ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ მოხდეს ფრანგული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია ქვეყანაში.
იგივე მიზანს ემსახურება UPF (გაერთიანებული ფრანკოფონული პრესის საერთაშორისო ორგანიზაცია), რომელიც საქართველოში ოპერირებს და ენის პოპულარიზაციის გარდა, მისი მიზანი პრესის ღირებულებების დაცვაა. რა სამომავლო გეგმები აქვს UPF - ს და რა ღონისძიებებს უნდა ველოდეთ უახლოეს პერიოდში, ამაზე ორგანიზაციის ქართული სექციის პრეზიდენტს გიომ მულარს „აიპრესი“ ესაუბრა.
გიომ, უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხო ჩვენი ორგანიზაციის UPF - ის (გაერთიანებული ფრანკოფონული პრესის საერთაშორისო ორგანიზაცია) შესახებ, რომელიც მთელს მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ორგანიზაციაა, საქართველოში კი, შედარებით ახალგაზრდაა. ორგანიზაციას ხელმძღვანელობთ თქვენ და უკვე არაერთი ღონისძიება ჩატარდა მისი ეგიდით. როგორია სამომავლო გეგმები?
როგორც შენ უკვე აღნიშნე, UPF არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ერთ-ერთი უძველესი ფრანკოფონული ორგანიზაციაა, აერთიანებს 50 ქვეყანას და ფუნქციონირებს 1970 წლიდან. UPF-ის ქართული სექცია შედარებით ახალგაზრდაა. ის რამდენიმე წლის წინ გაიხსნა საქართველოში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოიკრიბა ძალები. მოგვიანებით, მე დამეკონტაქტა ზარა ნაზარიანი და შემომთავაზა ქართული სექციის ხელმძღვანელობა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.
UPF-ს აქვს ორი სამოქმედო მიმართულება: პირველი ეს არის ფრანგული ენის პოპულარიზაცია და მეორე გახლავთ მედიის ღირებულებების დაცვა. სწორედ ამ მიზნით, შარშან ჩვენ საქართველოში მოვიწვიეთ ჟურნალისტები ბუქარესტიდან, რომლებმაც შექმნეს დამოუკიდებელი მედია და მათი გამოცდილება გავუზირეთ ქართველ ჟურნალისტებს. გახსოვთ თქვენც, ეს ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს უნივერსიტეტში“ და სამი დღე გრძელდებოდა.
ნამდვილად საინტერესო ღონისძიება იყო იმის დემონსტრირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინა ხაზზე სოციალური თემების წამოწევა და არა პოლიტიკა, როგორც ეს ქართულ მედიაში გვაქვს...
მეც გეთანხმებით, ქართული მედია საკმაოდ პოლიტიზებულია და ამავე დროს პოლარიზებული. სწორედ ამიტომ, გვსურდა, მომავალ ჟურნალისტებს სცოდნოდათ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სანდოობა და მათი სწორად მიტანა აუდიტორიამდე.
მეორე უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩატარდა გასულ თვეს „ფაბრიკაში“, რომლის ორგანიზატორი იყო საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი. ღონისძიების სახელწოდება იყო „იდეების ღამე“ და ეძღვნებოდა ინფორმაციის მანიპულაციას და მის შედეგებს, მონაცემების სანდოობას და უსაფრთხოებას. როდესაც ყოველდღიურად საზოგადოება იბომბება უამრავი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა გადაამოწმოს ის და აქცენტი გააკეთოს ხარისხზე.
სექტემბერში კიდევ ერთი ღონისძიება იგეგმება როგორც ვიცი და ის მიეძღვნება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც საფრანგეთში ტარდება და სადაც საქართველოს გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.
დიახ, და მაგ დროისთვის ჩვენ ველოდებით საქართველოში სპორტულ ჟურნალისტებს. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ, საქართველოს გუნდის ბაზა იქნება ნანტთან ახლოს, ნანტი კი ისტორიულად დამეგობრებული ქალაქია თბილისთან. ორი დღის განმავლობაში ჩატარდება ტრენინგი ჩვენთან ფრანკოფონი (და არა მხოლოდ) ჟურნალისტებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ფრანგული ენის პოპულარიზაციას, ასევე ინფორმაციების გაცვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როდესაც ინგლისური ენის პოპულარიზაცია დღითი დღე იზრდება..
ცხადია, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ინგლისური ენის, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ფრანგული ენისკენ. ძალიან ხშირად, ინგლისურ-ფრანგული თარგმანები, განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურის, თანამედროვე მწერლობის, ძალიან აცდენილია ორიგინალს და ამაზე აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ფრანგული ენა ძალიან უყვართ საქართველოში და პატივს სცემენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფრანკოფონია აქ ძალიან პოპულარულია...
იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორია გვაკავშირებს საფრანგეთთან. ეს ისტორია დღესაც გრძელდება და ამის დასტურია ლევილის ცენტრი პარიზთან ახლოს...
დიახ, საქართველოს საფრანგეთთან უდიდესი ისტორია აკავშირებს. მართალია, ჩვენი ორგანიზაცია ფრანკოფონულია და საქართველო არ არის ფრანკოფონული ქვეყანა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის ჩვენთვის. ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ ფრანგული ენის, კულტურის და ისტორიის პატივისცემას საქართველოში.
გიომ, მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ დეზინფორმაციასა და გადამოწმებულ ინფორმაციას შორის ზღვარი თითქმის წაშლილია, რაც უკვე გლობალური პრობლემა გახდა. როგორ ფიქრობ, ამ მხრივ რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის.
ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ყველა პროფესიონალი ჟურნალისტისთვის უდიდესი პრობლემაა ეს. რაც შეეხება საქართველოს, აქ მედიაც და პოლიტიკოსებიც ძალიან პოლიტიზირებულები არიან. ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ ვინ არის გავრცელებული ინფორმაციის წყარო. ასევე პრობლემატურია მედიის დაფინანსების საკითხებიც.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „ევრონიუსი“, დამოუკიდებელი ევროპული მედიასაშუალება, რომელიც დაარსდა საქართველოშიც. ერთი შეხედვით ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ ძალიან მალევე გაირკვა, რომ მის უკან იდგა „სილქროუდ გრუპი, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ გიორგი რამიშვილი... ამიტომ, ჩემი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პატარა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და დავეხმაროთ მათ განვითარებაში. მედია არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. დამოუკიდებელი მედიის შექმნა არ არის ძნელი, მთავარია შემდეგ მისი შენარჩუნება. ადამიანები უნდა ენდობოდნენ შენს ინფორმაციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და აუცილებლად გასათვალისწინებელი.