"14 ივლისი, წელს, კიდევ ერთხელ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე ტარდება. როგორც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბრატისლავაში, გასული წლის მაისში განაცხადა, რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მეთოდური შელახვა 2022 წლის 24 თებერვალს კი არა, 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ მისი აგრესიით დაიწყო." - საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ სადღესასწაულო მიღებაზე, სარანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს როლს ევროპაში.
მისი თქმით, "იმ დროს ევროპელები შესაბამისის პასუხის გაცემას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ დღეს ჩვენ გაერთიანებული ვართ ჩვენს მოკავშირეებთან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ეს ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა."
"საქართველოს მიმართ არსებული მოლოდინები კარგადაა ცნობილი და საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი უნარი, რომ შეუძლია, რეფორმებსა და ევროპული პროექტის მარეგულირებელ წესებს მიუახლოვდეს, როცა ამის სურვილი აქვს.
ვიმედოვნებ, ქართული საზოგადოების მამოძრავებელი ძალები ერთიანობის დემონსტრირებას შეძლებენ, რადგან ევროინტეგრაცია რთული პროცესია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავად ქართველებს მოუტანს სარგებელს.
ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამბიციური გეგმები თავდაცვის, განვითარებისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. თქვენ საფრანგეთში ყოველთვის იპოვით კეთილგანწყობილ და სანდო პარტნიორებს, რომლებიც თქვენთან ერთად განახორციელებენ მათ. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები ოქტომბერში პარიზში შეიკრიბებიან, რათა ახალი იმპულსი მისცენ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც, ყველა სფეროში კიდევ უფრო უნდა გამდიდრდეს. დიდი მადლობა. გაუმარჯოს საფრანგეთს, გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს ფრანკო-ქართულ მეგობრობას!