საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ სადღესასწაულო მიღებაზე, სარანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს როლს ევროპაში.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სტუმრობისთვის.

"მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რათა ჩვენთან ერთად აღნიშნა ერთიანობის, სოლიდარობისა და სიმშვიდის ეს მომენტი, რომელსაც ფრანგები მეგობრებთან ერთად ატარებენ. თქვენ უდავოდ ამის ნაწილი ხართ. მქონდა პატივი, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოში საფრანგეთის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.

საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ფრანგების გულებში. ჩვენი ყველაზე ცნობილი მოგზაურები მოჯადოებული დაბრუნდნენ და ამის შესახებ დაწერილიც აქვთ. ალექსანდრე დიუმა კვლავაც ქართველი ერის უდიდეს დამცველად რჩება. ჩვენ გვქონდა პატივი, 1921 წლის შემოსევის შემდეგ, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს სახლი ვყოფილიყავით.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, "პატარა საქართველო" ლევილ-სურ-ორჟში, თავისი ავანგარდული კონსტიტუციით, ენით და ეროვნული საგანძურით ცხოვრობდა. ამ გადასახლების შედეგად, საფრანგეთში წარმოიშვა ქალებისა და მამაკაცების თაობები, რომლებიც ორი ქვეყნის სიამაყეა და რომლებიც განუყოფლად გვაკავშირებენ. ჩვენს ორ ქვეყანას ბევრი რამ აკავშირებს. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. თქვენ მათი განსახიერება ხართ.

14 ივლისი, წელს, კიდევ ერთხელ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე ტარდება. როგორც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბრატისლავაში, გასული წლის მაისში განაცხადა, რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მეთოდური რღვევა 2022 წლის 24 თებერვალს კი არა, 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ მისი აგრესიით დაიწყო.

იმ დროს ევროპელები შესაბამისის პასუხის გაცემას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ დღეს ჩვენ გაერთიანებული ვართ ჩვენს მოკავშირეებთან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ეს ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. უკრაინაში სასწორზე დევს ყველა ქვეყნის თავისუფლება, აირჩიოს თავისი ალიანსები და პოლიტიკური სისტემა.

NATO-ს, დემოკრატიისა და ევროკავშირის არჩევა უკრაინელი და ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილების შედეგია. ამ სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ.

მომავალ დეკემბერში ევროსაბჭო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს ვადა მიუთითებს შემდგომ ეტაპზე იმ გრძელ გზაზე, რომელსაც საქართველო, დამოუკიდებლობის მომენტიდან მოყოლებული, მტკიცედ ადგას. როგორც ჩვენმა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქეთრინ კოლონამ გასული წლის აპრილში, თბილისში ვიზიტისას განაცხადა, "საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საფრანგეთი მის გვერდით დგას, რათა ეს მომავალი რეალობად იქცეს". - განაცხადა ელჩმა.