სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N18-ში, 3 200 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. მართალია, ტერიტორია დიდი არ არის, თუმცა, არსებული სივრცე დაკავებული იყო უკანონო შემოღობვებით, ავტოფარეხებით, რომლებიც აუშნოებდა ტერიტორიას. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მოთხოვნით, მათი დემონტაჟი განხორციელდა. გამოთავისუფლებულ ადგილზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ასევე, სკვერი იქნება განათებული, გამწვანებული და მოწესრიგებული. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ, დაისვენონ, განიტვირთონ და გაერთონ.
ჩვენ ვაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. გვინდა, ყველა უბანში შევიდეთ და კორპუსებს შორის არსებული ტერიტორიები გავამწვანოთ და განვაახლოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო გასართობი სივრცე, დამონტაჟდება დამცავი მოაჯირი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება სკამები და ურნები.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 000 ლარი გამოიყო.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური იმყოფებოდნენ.










