"დაუვიწყარია თქვენი შესანიშნავი ღვინო და ღვინის გზა, თქვენი გასაოცარი ხედები, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ასე რომ, როგორც ნახეთ, მე უამრავი მიზეზი ჩამოვთვალე, რომლის გამოც შესაძლებელია საქართველოში ჩამოსვლა. ესაა ქვეყანა ყველა კატეგორიის ტურისტისთვის, ყველასთვის ვისაც უყვარს ლაშქრობა, კულტურა, ღვინო…" - ასე დაახასიათა ჩვენი ქვეყანა ბელგიის ელჩმა მიშელ პეტერმანმა.
ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, ბელგიის ელჩი, ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა. "აიპრესმა" მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ბატონო ელჩო! უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ თქვენი გაცნობით და მადლობას მოგახსენებთ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობისთვის.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, პირველი კითხვა პოლიტიკით დამეწყო თუ გასტრონომიით, რასაც ეძღვნება საქართველოში ფრანკოფონიის კვირეული და მაინც გასტრონომია ვარჩიე, პოლიტიკისგან განსხვავებით ის ყველას უყვარს. თქვენ უკვე ბრძანდებოდით ვიზიტებით საქართველოში, იცნობთ ქართულ სამზარეულოს? რა მოგწონთ ყველაზე მეტად?
დიახ, მე საქართველოს იქამდე ვიცნობდი, სანამ დავინიშნებოდი საქართველოში აკრედიტებულ ელჩად. სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას მე მქონდა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა თქვენი სამზარეულო ქართულ რესტორნებში. ასე რომ, მე ძალიან კარგად ვიცნობ ხინკალს, ხაჭაპურს, სუპხარჩოს და კიდევ სხვა ბევრ ქართულ კერძს. ასევე, თქვენი სპეციფიკური სოუსებიც ვიცი.
ჩემი მეუღლე უკრაინელია, მას საქართველოში ბევრი ნაცნობი ჰყავს და კარგად იცნობს ქართულ კულტურას, კერძოდ კი კულინალინარიულს. თქვენი ღვინოც ძალიან გემრიელია. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არის კიდევ ბევრი ქართული კერძი, რომელიც არ დამიგემოვნებია.
მართალია ის ფაქტი, რომ ჩვენთან ქართული სამზარეულო ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ცნობილი, ამიტომაც ჩამოვიყვანეთ ბელგიელი შეფი. მან უკვე ჩაატარა რამდენიმე მასტერკლასი, განსაკუთრებით თბილისის აგრალურ უნივერსიტეტში. მასთან ინტერვიუს რომ ჩაწერთ ნახავთ თუ როგორი ენთუზიაზმით აღსავსეა. მან თქვა რომ პირველადაა ამჯერად საქართველოში, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი და აუცილებლად დაბრუნდება კიდევ . და ზუსტად, ელჩის როლიც ისაა, რომ დაამყაროს ორმხრივი კავშირები, როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე დააკავშიროს სხვადასხვა სფეროს ადამიანები ერთმანთთან.
როგორ ფიქრობთ, გურმანობაში ვგავართ ქართველები და ბელგიელები ერთმანეთს?
დიახ, ბელგიელები საკმაოდ გურმანები ვართ. ჩვენ გვიყვარს გემრიელად ჭამა და რესტორანში წასვლა. ბელგიელებს ასევე უყვართ სახლში მზარეულობაც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს დიდი სუფრებისა და სადღეგრძელოების ჩვევა. სადღეგრძელოები კოდირებულია თქვენში. ჩვენ გვიყვარს რესტორანში წასვლა, მაგრამ წყვილად, ან მაქსიმუმ 3-4 ადამიანთან ერთად, ჩვენ არ გვაქვს ჩვევაში 10,15,20 კაციანი სუფრები. ესაა ზუსტად ის, რაც საქართველოს გამოარჩევს. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ჩვენი გამორჩეული კერძები, რომლებიც არ ჰგვანან ქართულს. გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ ქართული სამზარეულო საკმარისად ცნობილი არ არის ბელგიაში, მაგრამ ეს ყველაფერი მოვა ნელ-ნელა და პროგრესულად.
კარგი იქნება, ჩვენი ქვეყნები ამ სფეროშიც თუ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
მე ვიცნობ ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ ბრიუსელში. ზოგიერთი ოჯახის ნაწილი ცხოვრობს ბელგიაში, ნაწილი - საქართველოში. ასე, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ადამიანური კავშირებიც, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდება, ეს მხოლოდ დასაწყისია.
ბატონო ელჩო, თქვენ იცით, რომ საქართველო სტრატეგიული დანიშნულების ქვეყანაა, მინდა გკითხოთ იმ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება ბელგიასა და საქართველოს შორის, რას მოგვიყვებით მათზე და რა შეიძლება დაიგეგმოს სამომავლოდ ?
გახსოვთ, ალბათ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ წელზე ნაკლებია, რაც სტუმრობდა საქართველოს, გასული წლის აგვისტოში. მას ჰქონდა შეხვედრები, როგორც მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე ყველა სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან. იყო ასევე ჩვენი პრემიერ მინისტრის ვიზიტი, რომელმაც მისი ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი გაიცნო, ასევე იყო კულტურისა და სხვადასხვა მინისტრებთან შეხვედრები. ყველა ეს ვიზიტი, შეხვედრა და მოლაპარაკება მიმდინარეობდა ამ პერიოდში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ასევე იყო ევროპალიას პროექტი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებისა და გამოფენების სერიას სთავაზობდა, მათ შორის ერთ გამოფენას მეც ვეწვიე ბრიუსელში. ასევე, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ძალიან, ძალიან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე.
ასევე, ჩვენი სახელმწიფო მდივანიც, ნიკოლ დე მურიც, რომელიც პასუხისმგებელი იყო მიგრაციის საკითხებზე, ესტუმრა საქართველოს 2022 წლის სექტემბერში და ამ ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორობის დამყარებას ქართულ და ბელგიურ ინოვაციურ მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. ეს პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ზუსტად ახლა მიმდინარეობს ამ პროექტის ხორცშესასხმელად კონკრეტული მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ კარგ შედეგს დავდებთ.
კიდევ იქნება ვიზიტები, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივაა საჭირო იმის სათქმელად, პროექტი მუშაობს თუ არა. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ინტერესებში შედის ამ კონტაქტების შენარჩუნება, რათა საქართველომ შეძლოს განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და შეინარჩუნოს აქ ქვეყანაში სამეცნიერო, ტექნიკური და ასევე ინოვაციური ბაზები.
ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის. ამ ახლად დაწყებული პარტნიორობით საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს ინოვაციურ განვითარებას ბელგიაში და, პირიქით, ბელგიას - საქართველოში. ცნობილია, რომ აქ კომპანიები გარკვეულ დონეზე იძენენ საერთაშორისო განზომილებას და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო მასშტაბის კონტაქტების არსებობა.
ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ ინოვაციაზე დაფუძნებული ამ პროექტის შესახებ?
ამ პროექტის ფარგლებში, აპრილში, ანუ მომავალ თვეს, დაგეგმილია ქართველების ბრიუსელში ვიზიტი და შეხვედრები ამ ორი ქვეყნის წარმომადგნელებს შორის. იდეა არის ის რომ ამ ზაფხულს შეირჩეს ახალგაზრდა, ქართველი ანტრეპრენერების კანდიდატები, რომლებმაც ახლახან შექმნეს სტარტაპები, ინოვაციური საწარმოები და ისინი გაემგზავრებიან ბელგიაში, რათა ეწვიონ მსგავსს ბელგიურ კომპანიებს. ასე რომ, ცხადია, მთელი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ეს კონტაქტები გაგრძელდეს უფრო კონკრეტულ პროექტებში, რაც შემდეგი ნაბიჯია.
მეც მოუთმენლად ველოდები ამ პროექტის შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ შემდეგი პროექტი იქნება ჟურნალისტებისათვის, რაც ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის.
ნამდვილად მსგავსი პროექტიც ძალიან საინტერესო იქნება. შესაძლებელია განხორციელდეს მსგავსი ევროპული პროექტი. ვიცი რომ ევროკავშირს საქართველოში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და თანამშრომლობა საქართველოში. ძალიან მარტივი წარმოსადგენია მსგავსი პროექტების განხორციელება საქართველოში მედიის სფეროში, მაგრამ მე არ ვარ ამ საკითხის სპეციალისტი. ყოველ შემთხვევაში, ბრიუსელში არიან ქართველი ჟურნალისტები აკრედიტებულნი.
ზოგჯერ საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რას აკეთებს საელჩო? საელჩო ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს. სამშაბათს ჩამოვედი საქართველოში ბაქოდან და ჩვენი საპატიო კონსულისთვის 3 პასპორტი ჩამოვიტანე. ასე რომ, პასპორტებიდან დაწყებული ჟურნალისტების აკრედიტაციებით დამთავრებული შეიძლება იყოს ჩვენი საქმიანობა. ასევე არის დიდი პოლიტიკური, ენერგეტიკული პერსპექტივა, ინფრასტრუტურული პროექტები, არსებობს ცენტრალური კორიდორის საკითხიც, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. ასე რომ, ჩვენ უნდა მივყვეთ უამრავ პროექტს, რომლებიც ზოგჯერ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი როლია ასევე წარმოვადგინოთ და გავაცნოთ ბელგია იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვართ აკრედიტებული, მაგალითად, საქართველოში ამ შემთხვევაში.
ბატონო ელჩო, თქვენ კარგად იცნობთ ჩვენი ქვეყნის სიტუაციას და იცით, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა არის ბელგიის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და რა როლი შეიძლება შეასრულოს ჩვენმა ქვეყანამ ევროპისათვის ?
მოგეხსენებათ, ევროპის საბჭომ გასულ დეკემბერში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ამავდროულად არის გარკვეული პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს რეალური მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს პირობები განსაზღვრულია, დაახლოებით 100 გვერდიან დოკუმენტში. მე თან მაქვს ამ პროგრამის 9 პუნქტიანი რეზიუმე. როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში? ახლა ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ, რადგან კომისიამ შემოდგომაზე უნდა წარადგინოს თავისი ანგარიში. კერძოდ, ქართულ მხარესთან ერთად, ევროკავშირის დელეგაციამ პრაქტიკაში უნდა ნახოს თუ როგორ ხორციელდება დოკუმენტში მითითებული პუნქტები და ეს ყველაფერი უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობასთან ერთად. სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე დაკვირვება მისცემს საშუალებას საქართველოსა და ევროკავშირს, რომ შორის შედგეს მათ შორის მოლაპარაკებები.
საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების ნაწილი უკვე განახორციელა, თუმცა წინ კიდევ ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი. ამ რეფორმების მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ.
რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რომ დიპლომატიური კარიერა მე დავიწყე 1986 წელს, საკმაოდ დიდი დროა მას შემდეგ გასული და ამ პერიოდში არ არსებობოდა ევროკავშირი, იყო მხოლოდ ევროპული საზოგადოების ერთობლიობა და კონკურენციისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა. იმ პერიოდში მე ჩართული ვიყავი ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქყვეყნებისათვის შეიქმნებოდა. ჯერ კიდევ, ამ პერიოდშიც კი, ეს პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსური იყო, ყველა ქვეყნის გამოცდილება და თავისებურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, მაგალითად ისლანდიის თევზაობის უფლების საკითხი დიდ პრობლემებს ქმნიდა. ასე, რომ ამ პერიოდში უკვე მოლაპარაკებები რთული და კომპლექსური იყო, დღეს კიდევ სხვა ბევრი ნიუანსი დაემატა ამ ყველაფერს, მაგალითად როგორიცაა საერთო უსაფრთხოების ძალების პოლიტიკა, ადამიანთა უფლებები და დემოკრატია…
ასე რომ, ესაა რთული და კომპლექსური საქმე, რომელიც მოითხოვს უამრავი ადამიანისა და ექსპერტის ჩართულობას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთის მხრივ არის ხალხის სურვილი და მეორე მხარეს პოლიტიკური ასპექტები, რომლებსაც ზევიდან კიდევ ემატება სხვა ტექნიკური თუ საკანონმდებლო საკითხებიც.
ცხადია, უნდა გკითხოთ უკრაინაზე. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადასაწყვეტადაც მთელი ევროპა უნდა დაირაზმოს? ეს მძიმე გზა, ჩვენ უკვე 2008 წელს გამოვიარეთ და შედეგად, ქვენის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ევროპის საბჭოს სხდომა, რომელიც გაიმართა რამდენიმე დღის წინ, მოიცავდა საკითხს, რომლის მიხედვითაც მხარდაჭერილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს იყო მესიჯი, რომელიც გააჟღერა ევროპის საბჭომ. ევროკავშირიც ერთიანია საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და ამ ყველაფერს ბელგიაც მხარს უჭერს, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
და ბოლო შეკითხვა ბატონო ელჩო, ბელგიაში რომ გკითხონ დაასახელოთ სამი მიზეზი, რის გამოც საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, რას ეტყოდით?
გააჩნია რა ტიპის ტურისტია, თორემ მე მინიმუმ 4-5 მიზეზი შემიძლია დავასახელო. მე სასტუმროში გავიცანი ტურისტები, რომლებიც მიდიოდნენ მთაში სასრიალოდ. ასე, რომ საქართველოში არის როგორც ზამთრის სპორტის, ასევე ზღვაზე წასვლის შესაძლებლობა. ასევე, აღსანიშნავია თქვენი სამზარეულო, რომელზედაც უკვე ხანგრძლივად ვისაუბრეთ. არ დაგვავიწყდეს თქვენი შესანიშნავი ღვინო და ღვინის გზა, თქვენი გასაოცარი ხედები, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ასე რომ, როგორც ნახეთ, მე უამრავი მიზეზი ჩამოვთვალე, რომლის გამოც შესაძლებელია საქართველოში ჩამოსვლა. ესაა ქვეყანა ყველა კატეგორიის ტურისტისთვის, ყველასთვის ვისაც უყვარს ლაშქრობა, კულტურა, ღვინო…
ტურიზმი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის განვითარებისათვის. მაგრამ, ასევე არ შეიძლება მხოლოდ ტურიზმის იმედზე ვიყოთ. რადგანაც ბევრი ტურისტია საქართველოში, შესაძლებელია რომ მალე ახალი პირდაპირი ფრენა გაჩნდეს ბრიუსელი-თბილისის მიმართულებით. აგრეთვე, ვფიქრობ იქნება ახალი მიმართულება შარლლერუას აეროპორტიდან ქუთაისში, იმ ტურისტებისათვის ვინც უფრო დაინტერესებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილით. ვიცით რომ ამ მიმართულებით კიდევ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ურთიერთობები.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ბევრი ტურისტის შემოდინება ხდება ქვეყანაში, საკონსულოებსაც ემატებათ საქმე. ჩვენ ასევე გვაქვს, ქართველი სტუდენტების მომართვიანობა, რომლებიც სასწავლებლად მიემგზავრებიან ბელგიაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ყველა ეს ურთიერთობა და კავშირები უფრო და უფრო მყარდება და ვითარდება.