თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიზუკა ჰიდეკიმ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „იაპონური და ქართული კულტურების შედარებითი სწავლება.
"ელჩმა ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც თსუ-ის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-იაპონური საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თსუ უკვე თანამშრომლობს იაპონიის უმაღლეს სასწავლებლებთან, ტოკიოს (იაპონია) მეტროპოლიტან უნივერსიტეტთან გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და უახლოეს მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით. „გვინდა, მაქსიმალურად გავზარდოთ კავშირები იაპონიის სხვა უნივერსიტეტებთანაც“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ ელჩთან შეხვედრისას.
შეხვედრაზე დაიგეგმა ელჩის საჯარო ლექციის პუბლიკაციაზე მუშაობა და მისი გამოცემა, ასევე, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, იაპონელი მეცნიერების მიერ გამოცემული იაპონიის ისტორიის ქართული თარგმანის გამოცემა.
სტუდენტებთან შეხვედრისას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიზუკა ჰიდეკიმ კულტურათაშორის ურთიერთგაგებაზე ისაუბრა. მან საინტერესო შედარებითი ანალიზი წარმოადგინა ქართული და იაპონური კულტურებისა. მისეული მიდგომით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ შეადარა იაპონური პოეზიისა და პროზის ნიმუშებს. ასევე, წარმოადგინა იაპონური შუასაუკუნეების მხატვრების მინიატურები და პარალელები გაავლო შოთა რუსთაველის პოემის გმირებთან. ლექციის ბოლოს ელჩმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
როგორც, თსუ პროფესორმა ნანა გელაშვილმა აღნიშნა, ელჩმა საინტერესო ლექცია წაიკითხა. მან გააკეთა ძალიან საინტერესო შედარებითი ანალიზი ქართული და იაპონური კულტურებისა. „ზოგიერთი რამ შეიძლება საკამათოდ მოგვეჩვენოს შოთა რუსთაველის პოემის მცოდნეებს, მაგრამ ძალიან საინტერესოა მისი, როგორც იაპონელი მეცნიერის, მიდგომები,“- აღნიშნა ნანა გელაშვილმა.
მისი თქმით, ლექციას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იაპონისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის. „იაპონისტიკის საბაკალავრო პროგრამა გასულ წელს, აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემდეგ, ძირითადი პროგრამა გახდა და გაზაფხულის სემესტრიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მივიღეთ. იაპონიის საელჩო გვამარაგებს სასწავლო ლიტერატურით, ბევრ ღონისძიებაში რთავენ ჩვენს სტუდენტებს, ასევე, წარმატებულ სტუდენტებს გრძელ და მოკლევადიან მივლინებებში უშვებენ იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში“, - განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა.