უკვე რამდენიმე დღეა, რაც ზუგდიდში მშენებარე ახალი სტადიონის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. სტადიონის მოედანს, რომელმაც წესით და რიგით უეფას მესამე კატეგორიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, მშენებლებმა ბეტონის მესერი შემოავლეს და აცხადებენ, რომ აღნიშნული ბეტონის კონსტრუქცია პროექტით იყო გათვალისწინებული.

ვიდრე ბეტონის კონსტრუქციაზე ვისაუბრებდეთ, საინტერესო ფაქტია თვალშისაცემი. სტადიონის დამპროექტებელ კომპანიას „თბილქალაქპროექტს“, ზუგდიდის მერიამ სტადიონის საპროექტო ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 120 ათას ლარს შეადგენს, ტენდერის გარეშე გაუფორმა.

რატომ შეაჩერა ზუგდიდის მერიამ არჩევანი ამ კომპანიაზე და რატომ არ ჩატარდა ტენდერი, საპროექტო კომპანიის დირექტორი, ირაკლი კვარაცხელია „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას დეტალები არ ახსოვს და ალბათ, ადგილზე მერიამ გამოკითხვა ჩაატარა. ამასთან, ზუგდიდის მერიამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომ საპროექტო კომპანიისთვის, ასევე ტენდერით სამეთვალყურეო კომისია აეყვანა, რომელიც პროექტს გააკონტროლებდა, არ შეასრულა.

რაც შეეხება ბეტონის კონსტრუქციას, ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა, მამუკა ლოგუამ პრესკონფერენცია მოაწყო და განაცხადა, რომ ეს პროექტი ამ სახით, თავის დროზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამად, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზვიად სიჭინავამ მოიწონა, თუმცა სფფ-ს როლი ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაცია შეიძლებოდა ყოფილიყო. ლოგუამ იმავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბეტონის კონსტრუქციებამდე სამ მეტრში სარეკლამო ბანერები დაიდგმებოდა და სამი მეტრი იყო უეფას სტანდარტი.

მამუკა ლოგუას სიტყვების სიმართლე ვერ დაადასტურა სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე განთავსებულმა პროექტმა, რომლის მიხედვითაც აშკარად ჩანს, რომ მის დამპროექტებელ კომპანიას, „თბილქალაქპროექტს“ პროექტზე ბეტონის კონსტრუქცია მოედნის გარშემო დატანილი არ აქვს.

„აიპრესმა“ მოიპოვა სტადიონის ის პროექტი, რომელზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამშენებლო კომპანია „დაგის“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

„თბილპროექტმშენის“ დირექტორი, ირაკლი კვარაცხელია „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ აზრზე არ არის, ვინ შეცვალა პროექტი და თავადაც აინტერესებს, რატომ შემოავლებდა მოედანს ბეტონის მესერს.

-„თბილქალაქპროექტმა“ ზუგდიდის სტადიონის დაპროექტებაზე ხელშეკრულება როგორ მიიღო ტენდერის გარეშე?

- გამოკითხვა იყო ალბათ. აღარ მახსოვს, დიდი დროა გასული.

- გამოცდილება გქონდათ ამ სფეროში?

- რა თქმა უნდა, ლანჩხუთშიც ჩვენ დავაპროექტეთ და რაღაც იყო კიდევ.

- ფიქრობთ, რომ გამოცდილების ხარჯზე მოხდა პირდაპირ თქვენი შერჩევა?

- კი, ბატონო. მარტო ეს ხომ არ გვქონდა. ჩვენი კომპანია ამდენი ხანია არსებობს და ქვეყნის რაღაც არის გაკეთებული.

- ახლა სტადიონი რა ეტაპზეც არის აშენებული, მოედნის საფარს შემოარტყეს ბეტონის საფარი, ეს პროექტში იყო?

- ვიცი და უკვე მეცხრე ზარს ვპასუხობ დღეს ამ თემაზე.

- ჩვენ ვნახეთ პროექტი, რომელზეც გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან. აღნიშნულ პროექტში ბეტონის კონსტრუქცია მოედნის გარშემო არ არის. წითლად გაქვთ აღნიშნული ის ადგილები, სადაც ბეტონის კონსტრუქციებია სტადიონის ტერიტორიაზე. როდის დაკორექტირდა პროექტი და როდის შევიდა ცვლილებად ბეტონის მესერი მოედნის გარშემო?

- არ ვიცი. ამიტომ გეუბნებით, პასუხია - არ ვიცი. საერთოდ ვერ მივხვდი, სად არის იქ ბეტონი. ტელევიზორიდან გავიდე. სამი თუ ოთხი ზარი შემოვიდა მარტო დღეს. უნდა გავერკვე და მერე გეტყვით ალბათ.

- ანუ თქვენ პროექტში ბეტონი არც თავის დროზე გქონიათ, როგორც ამას ზუგდიდის მერია ამტკიცებს?

- ვერ ვხვდები რომელზეა საუბარი, თუ ტრიბუნის საფარია, კი ბატონო.

- არა, ეს მოედნის გარშემო არსებული ბეტონის ჯებირია, რომელიც 10-12 სმ სისქის არის. ჩვენ გავეცანით თქვენს პროექტს და მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. თქვენ მოედნის სიგრძედ მითითებული გაქვთ 109 მეტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ უეფას სტანდარტებითა და სფფ0ს 2017 წლის დებულებით უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული 7,5-7,5 მეტრი რომ მოაკლდება კარს უკან ორივე მხარეს, სტადიონის ზომა 94 მეტრი რჩება. რითი იხელმძღვანელეთ სტადიონის მოედნის ზომების შედგენისას?

- სტადიონის რამდენიმე ზომიდან ერთ-ერთი ზომა გვაქვს აღებული.

- იქნებ განმიმარტოთ, რას ნიშნავს ეს?

- რამდენიმე ზომა აქვს მაგას და ერთ-ერთი ზომა, რა 94 მეტრი? რამდენიმე ზომა იყო და ერთ-ერთი ავირჩიეთ. ზუსტად არ მახსოვს.

- ამას გეკითხებით სწორედ. 109 მეტრი გაქვთ შერჩეული. თუ ამას მოაკლებთ კარს უკან აუცილებლად მოსაკლებ 7,5 მეტრს უსაფრთხოებისთვის ორივე მხარეს, რასაც უეფა და სფფ ითხოვს, მაშინ სტადიონის სიგრძე რჩება 94 მეტრი.

- რატომღა უნდა მოვაკლოთ, კაცო?

- იმიტომ, რომ ამას უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს.

- ტრიბუნებამდე?

- ტრიბუნებამდე არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ კარს უკან 7,5 მეტრ მანძილს ორივე მხარეს და გვერდებზე - 6-6 მეტრს, სადაც შემდეგ სარეკლამო ბანერები დაიდგმება. ეს დაცული არ გაქვთ. რითი იხელმძღვანელეთ?

- ეგრე არ არის. ახლა ვერ გეტყვით მაგას. ისე იყო, იქ არის დაცული ყველაფერი. მაშინ, უნდა დავსხდეთ და გამოძიება ვატაროთ. ასე ზეპირად არ მახსოვს, იმიტომ, რომ მაშინ უშუალოდ შემსრულებელი ვინც აკეთებდა, ვინც იმას შვებოდა, მაშინ ყველაფერი დალაგებული გვქონდა. 

- მშენებელი კომპანია, რომელიც ახლა სამუშაოებს აწარმოებს, ამბობს, რომ პროექტში იყო ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც პირდაპირ მწვანე მინდორს აქვს შემოფარგლული. აღმოჩნდა, რომ პროექტი, რომელზეც ხელშეკრულებაა დადებული, ბეტონის კონსტრუქციაზე საუბარი საერთოდ არაა. მაშინ, ვინ შეცვალა პროექტი და ვინ დაუმატა ბეტონის მესერი მოედანს?

- აზრზე არ ვარ, გესმით? უნდა გავერკვე. მე თვითონაც არ ვიცი. ბეტონის კედელს რატომ შემოვავლებდი მოედანს? ვერ ვხვდები, ხოდა, არ ვიცი ახლა.

ზუგდიდში მშენებარე სტადიონის პირველი ეტაპის ღირებულება 9 მილიონ 747 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულებით 2017 წლის 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

როგორც ზუგდიდის მერიასა და კომპანია „დაგის“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული, სტადიონს ზუგდიდის მერიის მიერ შექმნილი კომისია ჩაიბარებს.

ინფორმაციისთვის, "აიპრესი" ზუგდიდის სტადიონის პროექტს, ხარჯებსა და დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, უკვე 8 თვეა ითხოვს. მიუხედავად არაერთი განცხადებისა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. ამასთან, ზუგდიდის მერიის მიერ მოთხოვნილი მოსაკრებლის გადახდის მიუხედავად, ამ დრომდე, ზუგდიდის მერიას "აიპრესისთვის" მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ მოუწოდებია.

გთავაზობთ სტადიონის პროექტს, რომლის მშენებლობაც კომპანია "დაგიმ" დაიწყო და ნიშნულებს, რომლითაც სპეციალური კონსტრუქციებია აღნიშნული.