საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საზოგადოება ,, ქართულის " თანადამფუძნებელი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ეხმაურება :
"ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ყოვლად წარმოუდგენელია, ის რაც ვიხილეთ ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ოლიმპიური თამაშები ასოცირდება ერთიანობასთან, თანასწორობასთან, ურთიერთპატივისცემასთან . ის, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვნახეთ , ყოვლად დაუშვებელია. ოლიმპიადაში მონაწილეობს სხვადასხვა რწმენის და აღმსარებლობის სპორტსმენი და ყველა მონაწილესთვის და დელეგაციისთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც უშუალოდ ქრისტიანობას დარტყმას აყენებდა. ყველაზე მძიმე ქრისტიანებისათვის იყო ამის ნახვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებსაც ანალოგიური რეაქცია ექნებოდათ.
ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ამან მსოფლიოში. ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ ახლა დაწყებული, დიდი ხანია მიმდინარეობს ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე შეტევა , იგივე ჩვენს ქვეყანაშიც და მე ვფიქრობ , რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც სცენარის დადგმა , ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ იდეოლოგიაზე, რაზედაც ამდენი ხნის მანძილზე საქართველო დგას. ვფიქრობ , ყველამ ღიად უნდა დააფიქსიროს აზრი ამ თემაზე და დაგმოს ეს ყოვლად მიუღებელი პროპაგანდა. აქვე , სოლიდარობას ვუცხადებ ყველა სპორტსმენს. ხაზგასასმელია, რომ ქრისტიანები არასდროს არავის არ უტევენ , პირიქით კი გაჩაღებულია ბრძოლა ჭეშმარიტი რწმენის წინააღმდეგ." - ამბობს ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ გააკრიტიკა 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორები პარიზში „ქრისტიანობის დაცინვის სცენებისთვის“. შესაბამისი განცხადება შაბათს, 27 ივლისს გავრცელდა.
კათოლიკურ ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, რომელ სცენებზეა საუბარი. აჟიოტაჟი, სავარაუდოდ, გამოიწვია ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ეპიზოდმა, სახელწოდებით "ზეიმი", რომლის დროსაც მოცეკვავეების ჯგუფი და დრაგ ქუინები ისხდნენ პოზებში, რომლებიც მოგვაგონებდა იესოს ბოლო ვახშმის სურათებს. იესო ქრისტეს ადგილას იყო აქტივისტი, დიჯეი და ღიად ლესბოსელი ბარბარა ბუჩი.